„ბედნიერები ვართ, რომ „ატალანტას’’ მოვუგეთ. კარგად ვიცოდით, რომ მათ ძლიერი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ვფიქრობ ეს ჩვენი დღე იყო. ბურთს ბევრი წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. ვცადეთ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა და გაგვიმართლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება შესანიშნავია, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა. მთელმა გუნდმა ითამაშა დიდებულად. ეს დღე ყველასთვის ჩინებული იყო’’, ― თქვა „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ატალანტას’’ შეხვედრის (4:0) მთავარმა ვარსკვლავმა და 39-ე წუთზე გატანილი შესანიშნავი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
„პარიზიენმა’’ კვარაცხელიას საგანგებო წერილი მიუძღვნა, რომლის ავტორი თავიდან ყურადღებას მის შეცვლილ იმიჯზე ამახვილებს ― ქართველს გეტრები ტრადიციის საპირისპიროდ აწეული ჰქონდა. მთავარი კი ის არის, რომ ამ დღეს კვარა ჩემპიონთალიგურ ხასიათზე იყოო, წერს ის. ფრანგ ჟურნალისტს არც ის გამორჩენია, რომ კვარა მარჯვენა ფრთას სულაც არ იყო მიჯაჭვული. ის ფლანგზე on/off (ელექტროჩამრთველის ორი პოზიცია) პრინციპით თამაშობდაო. წერილს „კვარადონას დაბრუნება’’ ჰქვია.
Flashscore-მა კვარაცხელიას, მარკინიოსსა და ნუნუ მენდეშს 8.8 დაუწერა, თუმცა მიმოხილვის ბოლოს აღნიშნა, რომ მისი ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გარემარბია; whoscored-მა ხვიჩას თამაში 9.0-ით შეაფასა და ცხადია საუკეთესოდაც დაასახელა; sofascore-მა კი 8.5 აკმარა. ამ საიტის ვერსიით მარკინიოსს 9.1 ეკუთვნოდა, ხოლო ნუნუ მენდეშს 9.0.
პარიზელებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს. მარკინიოსმა მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი დანიელ მალდინის აართვა და ფაბიან რუისს მიაწოდა, რომელმაც საჯარიმოში დაუბრუნა და ბრაზილიელმა გოლი შეაგდო. შემდეგ ნუნუ მენდეშს ჰქონდა მომენტი; „ატალანტას’’ მეკარემ მარკო კარნესეკიმ ორი დარტყმა ჩინებულად მოიგერია; ბრედლი ბარკოლას ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაუთვალეს. მერე კი კვარაცხელიას დრო დადგა და ქართველმა ჩინებული გარღვევის მერე ეფექტური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. 44-ე წუთზე ბარკოლამ პენალტი ვერ გაიტანა ― კარნესეკიმ აუღო. თუმცა, ბერგამოელთა მეკარემ, რომელიც „კრემონეზეში’’ ლუკა ლოჩოშვილის თანაგუნდელი იყო, მაინც დაუშვა შეცდომა — მეორე ტაიმში მენდეშის დარტყმა ახლო ძელთან გაუძვრა. 90+1 წუთზე გონსალო რამუშმა მეოთხე გოლიც შეაგდო.
კვარაცხელიამ მოედანზე 75 წუთი დაჰყო.
„პარი სენ ჟერმენს’’ ჩემპიონთა ლიგაში შემდეგი თამაში 1 ოქტომბერს ბარსელონაში აქვს. ამასთან დაკავშირებით კვარაცხელიამ თქვა: „წინ კარგი თამაშები გველის, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები იმიტომ ვართ, რომ კარგად ვიცით, თუ მოგება გინდა საუკეთესო გუნდებს უნდა შეხვდე. შემდეგ შეხვედრაში შევეცდებით მაქსიმუმი ვაჩვენოთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
