ვან დაიკმა „ლივერპულს’’ სამი ქულა მოუტანა… „ბაიერნმა’’ მოსაგები მოიგო… ტურამმა კვლავ გოლები გაიტანა… ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე დღის შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ატალანტას’’ დაპირისპირება გახლდათ. პარიზელებმა 4:0 მოიგეს. მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სხვა შეხვედრების ამბავი კი ასე იყო:
„ლივერპულმა’’ მადრიდის „ატლეტიკოს’’ უმასპინძლა და 90+2 წუთზე ვირჯილ ვან დაიკს გამარჯვების გოლი რომ არ შეეგდო, თამაში 2:2 დამთავრდებოდა. შეხვედრა დრამატული გამოდგა. მე-6 წუთზე მასპინძლები უკვე 2:0-ს იგებდნენ. გოლები ენდრიუ რობერტსონმა და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს, მაგრამ 45+3 და 81-ე წუთებზე (პირველ შემთხვევაში საქართველოში კარგად ცნობილი ჯაკომო რასპადორის პასით) მარკოს ლორენტემ ორი საპასუხო შეაგდო. ვან დაიკის გოლი სტუმართა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მშვიდად ვერ მიიღო და წითელი ბარათით დაისაჯა.
უნდა აღვნიშნოთ აგრეთვე, რომ ამ შეხვედრაში შედგა ალექსანდრ ისაკის დებიუტი წითელი ფორმით. ამ ამბავს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ შვედის „ნიუკასლისგან’’ გამოსყიდვა ლივერპულელთათვის ძნელი საქმე გამოდგა. მასში დიდი ბრძოლის შემდეგ 150 მილიონი ევრო გადაიხადეს. ისაკმა ცუდად არ ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.
„ლივერპულის’’ ფეხბურთელთა შორის flashscore-მა ყველაზე დაბალი ქულა მეკარე ალისონს დაუწერა ― 6.4. შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი მერსისაიდულ გუნდში ალისონის სათადარიგოდ ჰყავთ გამწესებული.
„ბაიერნისა’’ და „ჩელსის’’ შეხვედრაში გულშემატკივარი დაძაბულ ბრძოლას ელოდა, მაგრამ რეალობა სხვანაირი გამოდგა: ამ დღეს მიუნხენის გუნდთან გაჯიბრება ლონდონელებისთვის გადაუჭრელი ამოცანა გახლდათ. მე-20 წუთზე ტრევოჰ ჩალობამ თავის კარში ჩაჭრა ბურთი. 27-ე წუთზე ჰთანამემამულეები ჰარი კეინმა არ დაინდო. 29-ე წუთზე კოულ პალმერმა შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეორე ტაიმში კეინმა მშობლიური ქალაქის არამშობლიური გუნდის კარში მეორეც შეაგდო. ამ შეხვედრაში მეტოქეებს შორის სხვაობა თვალსაჩინო იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჩელსი’’ კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია.
„ინტერმა’’ ამსტერდამში „აიაქსს’’ 2:0 სძლია. ამ შეხვედრაში ყურადღება მიიპყრო მარკუს ტურამმა, რომელიც მილანური გუნდის შემადგენლობაში ჩინებულად თამაშობს, საფრანგეთის ნაკრებში კი ვერა და ვერ გაიხსნა. „ამსტერდამ არენაზე’’ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში გოლები სწორედ ტურამმა შეაგდო. ამ დღეს „ინტერმა’’ ლაუტარო მარტინესი დაასვენა.
ბრაზილიელი დავიდ ლუისი გახსოვთ? 38 წლის ცენტრალურმა მცველმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს 2017 წლის ნოემბერში ითამაშა, როდესაც „ჩელსიში’’ მიბრუნდა. ამჯერად ვეტერანი, რომელმაც ბოლო ოთხი წელიწადი სამშობლოში „ფლამენგოსა’’ და „ფორტალეზაში’’ გაატარა, კვიპროსულ „პაფოსშია’’ და ათენში „ოლიმპიაკოსთან’’ შეხვედრაში (0:0) ჩემპიონთა ლიგასაც დაუბრუნდა. მან ფეხი იტკინა და 33-ე წუთზე გაიყვანეს.
„სლავიამ’’ „ბოდო/გლიმტთან’’ 2:2 ითამაშა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
