გასულ უქმეებზე სარაგბო საფრანგეთი ქართული საოცრებების მოწმე გახდა. ტოპ 14-ის მე-2 ტურში შედგა დავით ნინიაშვილის დებიუტი „ლა როშელში“ რომელიც ქართველმა ვარსკვლავმა, ცხადია, ლელოთი აღნიშნა. ამასთან, ტულონელი ბექა გიგაშვილი ამ ლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა. პრო დ2-ში ჩვენებურთა წარმატებებს კი შესამჩნევად უფრო მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და აქ უმთავრესად კვლავ დაჩი პაპუნაშვილი იგულისხმება.
ტოპ 14
დავით ნინიაშვილი „ლა როშელის“ შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა, შეუცვლელად ითამაშა და შეხმედრის ბოლო შეტევაში ეფექტური ლელო გაიტანა – სტუმარი „კლერმონის ლელოსთან, 5-მეტრა წყვეტილზე შერკინება დაინიშნა, რომელიც მასპინძლებმა იოლად მოიგეს, 8 ნომერმა ბურთი მარცხნივ გაუშვა, ხოლო სწრაფი კომბინაცია კიდეზე სიჩქარეაკრეფილმა „ნინიმ“ დაუბრკოლებლად დაასრულა – 34:26 და „ლა როშელმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. რაც შეეხება ნინიაშვილს, მან ტოპ 14-ში 62-ე მატჩი ჩაატარა და 22-ე ლელო გაიტანა, რაც მოქმედ ქართველ ლეგიონერთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
ბექა გიგაშვილმა კი, სიმბოლურში მორიგ ჯერზე მოხვედრა „კასტრთან“ უმძიმეს საშინაო გამარჯვებაში (16:12) შეტანილი სოლიდური წვლილისთვის დაიმსახურა.
ლიდერი სამია – „ლიონს“, „ტულუზსა“ და „პოს“ 2 ტურის შემდეგ 9-9 ქულა აქვთ.
პრო დ2
შარშან ლიგიდან კინაღამ გავარდნილმა „ორიაკმა“ ახალი სეზონი საუცხოოდ დაიწყო და ამაში საკვანძო ფაქტორი დაჩი პაპუნაშვილი გახლავთ. ახალგაზრდა ბორჯღალოსანი ფულბექი 3 თამაშის შემდეგ 45 ქულით პრო დ2-ის უპირველესი მექულეა; გასულ ტურში შესანიშნავი თამაშის წყალობით რამდენიმე სარაგბო გამოცემამ ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა; ტურის სიმბოლურში მოხვედრა გასაკვირი არ უნდა იყოს; დაჩიმ მესამე ტურშიც გაიტანა ლელო და შესაბამისად სეზონში 3 ლელოს მოუყარა თავი; პაპუნაშვილმა „ბეზიესთან“ საშინაო მატჩში 3 ჯარიმა და 5 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და კარიერის მაქსიმალური შედეგიც დააფიქსირა – 24 ქულა ერთ თამაშში!
„ორიაკმა“ კი, მრისხანე „ბეზიეს“ მოურიდებლად, 49:24 მოუგო, ბონუსიც მიიღო და ცხრილის მეორე საფეხურზე ავიდა. ბოლო ლელო საკუთარ ანგარიშზე ბორჯღალოსანმა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ მიითვალა, რომელიც თავისი გუნდის 75-მეტრიან კონტრშეტევას აჰყვა, გადამწყვეტ მომენტში პარტნიორისგან საოცარი ოფლოუდი მიიღო და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. ამიერიდან დაჩი პაპუნაშვილს პრო დ2-ის 25 მატჩში 4 ლელო და 91 ქულა აქვს, ხოლო ლუკა ნიორაძეს – 120 შეხვედრაში 18 ლელო.
„ნევერმა“ „გრენობლი“ მიიღო და 26:17 დაამარცხა. მასპინძელთა შუამარბმა ნიკოლა რაგოევმა სეზონში პირველად ითამაშა და თანაც როგორ! საქართველოს U20-ის ყოფილმა წევრმა დაცვაში და შეტევაში თანაბრად, სტაბილურად და საიმედოდ იმოქმედა, რაც სიმბოლურ ნაკრებში შეყვანით დაუფასდა. ლუკა პეტრიაშვილმა თავის ახალ კლუბში უკვე მეორე ლელო მიითვალა და 26:17 მოგებაში თავისი აგური დადო.
„მონ-დე-მარსანმა“ ტოპ 14-დან დაქვეითებულ „ვანს“ დრამატულ ბრძოლაში 30:28 სძლია და ბორჯღალოსანმა ბურჯმა ლუკა გოგინავამ ჩვეულ სტილში, რაქიდან აღებული ბურთის ლელოში გადადებით პირად ლელოთა კარიერული ანგარიში 11-მდე გაზარდა, რისთვისაც 144 მატჩი დასჭირდა. გოგინავაც ტურის სიმბოლურშია!
დაბოლოს, „ბრივმა“ შინ „ვალანს რომანი“ 48:10 გაანადგურა და 11 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ეს ერთადერთი გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონს დაუმარცხებლად ატარებს, ხოლო მისმა სასტარტო მარჯვენა ბურჯმა ვახტანგ აბდალაძემ ისე შთამბეჭდავად ითამაშა, რომ ტურის სიმბოლურში მოხვდა ესეც მეოთხე ქართველი 15 რჩეულს შორის.
