ისლანდიას საფრანგეთთან გოლი არ ჩაუთვალეს

Home კატეგორიის გარეშე ისლანდიას საფრანგეთთან გოლი არ ჩაუთვალეს
ისლანდიას საფრანგეთთან გოლი არ ჩაუთვალეს

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევი შეჯიბრების D ჯგუფში 2:1 მოუგო კერკეტ კაკალს, ისლანდიას, რომელიც შესანიშნავად ორგანიზებული, პრესინგის მიმდევარი, აგრესიული გუნდი გამოდგა. სკანდინავიელები მასპინძლებს მაგრად დაუდგნენ, თუმც ისიც სათქმელია, რომ ბურთის ძირითადად (78%) ფრანგები ფლობდნენ და მომენტებსაც მეტად ქმნიდნენ. ანგარიში ისლანდიამ გახსნა ― 22-ე წუთზე ანდრი გუდიონსენმა მაიკლ ოლისეს შეცდომით ისარგებლა და ბურთი კარში შეაგდო. საფრანგეთმა 45-ე წუთზე პენალტით გაქვითა, თერთმეტმეტრიანი კილიან  მბაპემ შეაგდო. შესვენების შემდეგ, 62-ე წუთზე იმავე მბაპეს სწრაფი კონტრშეტევა ბარკოლას გოლით დამთავრდა. 67-ე წუთზე უხეში თამაშის გამო მსაჯმა მასპინძლებს მოედნიდან აურელინ ჩუამენი გაუგდო, მაგრამ მატჩის ბოლო მონაკვეთში მაინც ისინი უტევდნენ. საბოლოოდ ფრანგებმა გაიმარჯვეს, თუმცა 88-ე წუთზე ასეთი რამ მოხდა: პირველი გოლის ავტორმა გუდიონსენმა კიდევ ერთი შეაგდო, ოღონდ VAR-ის მითითებით მსაჯმა არ ჩათვალა. მიზეზი: გუდიონსენმა იბრაჰიმა კონატეს მაისურზე დაქაჩა.

არბიტრის გადაწყვეტილებამ ისლანდიელები აღაშფოთა. მართალია დამარცხებულთა მწვრთნელმა არნარ გუნლაუგსონმა არც მწვადი დაწვა და არც შამფური, მაგრამ სხვათაგან განსხვავებული შეფასებები მოვისმინეთ.

გუნლაუგსონი: „ვფიქრობ, წესის დარღვევა იყო. გუდიონსენმა კონატეს ოდნავ მოქაჩა. კონატე ჩემს თავდამსხმელთან შედარებით ზორბა ტანისაა. ძალიან შენელებულ კადრს თუ ნახავთ, რაღაცას შეამჩნევთ. საფრანგეთმა კარგად ითამაშა, ის ჩვენზე უკეთესი გუნდია, მაგრამ ჩვენ ფრესთან ახლოს ვიყავით’’.

ისაკ იოჰანესონი, „კიოლნი’’: „ძალიან კმაყოფილი ვარ. ფრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ფრანგებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, ჩვენ კი გავათანაბრეთ. არჩათვლილი გოლის მომენტი ვნახეთ და თუ ეს ჯარიმა იყო, მაშინ ყველა თამაში წარამარა უნდა ჩერდებოდეს. ფეხბურთში ასეთები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება’’.

იონ დაგურ თორსტიენსონი, „ჰერტა’’: „ამ შეხვედრის ქულის გარეშე დატოვება ნამდვილი იმედგაცრუება იყო. ეს იყო სულ ოდნავი მოქაჩვა. ასე მცველს რომ მოექაჩა მეეჭვება ვინმეს პენალტი დაენიშნა’’.

კარი არნასონი, ვეტერანი: „არანაირად არ იყო ჯარიმა’’.

ბიარნი გუდიონსონი, ვეტერანი: „ამ შეხვედრიდან ის უნდა დავასკვნათ, რომ ისლანდიის ნაკრებს შეუძლია სტუმრად ურთულეს შეხვედრას თავი გაართვას, და იქაც მხოლოდ იმიტომ დამარცხდეს, რომ ქულა წაართვეს’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.