ჟორჟმა ბუნდოვან ჭორებს კითხვით გასცა პასუხი

Home აქეთურ-იქითური ჟორჟმა ბუნდოვან ჭორებს კითხვით გასცა პასუხი
ჟორჟმა ბუნდოვან ჭორებს კითხვით გასცა პასუხი

Georges Mikautadze of Olympique Lyon dribbles against Jeremy Jacquet of Stade Rennais during the Ligue 1 McDonald's match between Olympique Lyonnais...პორტალი foot01-ის ცნობით ჟორჟ მიქაუტაძის მომავალი „ლიონში’’ მოულოდნელად ბუნდოვანი გახდა: თურმე კლუბი მისი გაყიდვის წინააღმდეგი სულაც არ არის. არადა, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დღეებია დარჩენილი და ახლა ქართველი ფორვარდის დაკარგვა ლიონელი გულშემატკივრისთვის დარტყმის ტოლფასი იქნება. ბოლოხანს ყურადღების ცენტრში ბელგიელი მარცხენაფლანგელი მალიკ ფოფანა იყო და მიქაუტაძეს ყიდვა-გაყიდვის კონტექსტში აღარავინ ახსენებდა. ერთადერთი, რასაც მასზე ამბობდნენ ის იყო, რომ „ლიონში’’ სერიოზული მისია დაეკისრა, ალექსანდრ ლაკაზეტის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო. ფრანკო-იტალიელმა ჟურნალისტმა, მესვეტემ და ბლოგერმა დანიელ რიოლომ კი ყველასთვის მოულოდნელად თქვა, რომ „გონებს’’ თავდამსხმელის გასაყიდად მიზეზები საკმარისად აქვთ.

„მიქაუტაძეზე ლაპარაკისას გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო. ყველაფერს ვერ ვიტყვი, ყოველ შემთხვევაში ახლა, მაგრამ მას დაძაბული (მოვლენებით დატვირთული) ცხოვრება აქვს, რაც მენეჯმენტისთვის იოლი არ არის’’, ― ბუნდოვნად თქვა ჟურნალისტმა After Foot-ის გადაცემაში.

ამ კომენტარმა როგორც ჩანს მიქაუტაძის ყურებამდე მიაღწია და მან X პლატფორმაზე (ყოფილი ტვიტერი) ჟურნალისტს პასუხი გასცა. ფეხბურთელმა ორი კითხვა დასვა: ჩემი წვლილი? ჩემი მიზნები? 🧐😏

აღსანიშნავია, რომ ქართველის პოსტს უამრავი გულშემატკივარი გამოეხმაურა. მათ ფეხბურთელს მხარი დაუჭირეს. მაგალითისთვის ასეთი კომენტარი მოვიტანოთ: „ეს კაცი რა კლოუნია. ნამდვილი კლოუნი: მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი… ხმა ჩაიგდე!’’

როგორც ჩანს, ლიონელი მოთამაშისთვის მშობლიურ ქალაქში დარჩენა მნიშვნელოვანია და ნებისმიერ ინფორმაციას იქიდან გადაბარგების შესახებ მტკივნეულად განიცდის, არადა უცებ დაიწყეს ლაპარაკი, რომ მისი გაყიდვა კლუბს ფოფანას შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

„ლიონს’’ ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ თუ კლუბი „მეფე ჟორჟის’’ გაყიდვას მართლა აპირებს, მაშინ მის შესაბამის სამსახურს ამ დონის ახალი თავდამსხმელის მოსაძებნად სწრაფი და დადაძაბული შრომა მოუწევს. თან მარტო ახალი ფორვარდის მოძებნა ხომ არ არის მნიშვნელოვანი. საჭიროა მისი ფასი და გასამრჯელო „ლიონისთვის’’ მისაღები იყოს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.