„ლივერპულმა’’ ნიუკასლში 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით 3:2 მოიგო. „სანმა’’ დაწერა, ეს იყო იმდენად ჩამთრევი, გიჟური, გაუგონარი და ბრწყინვალე მატჩი, რომ ალბათ ალექსანდერ ისაკმაც კი ინანა სამსახურში რომ არ გავიდაო. გაზეთი მიიჩნევს, რომ მას მერე რაც „ნიუკასლი’’ მოედანზე ათი კაცით დარჩა, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენა გააბათილა ― ისაკი სოფაზე იწვა და შფოთავდა, უტვინო ენტონი გორდონი კი გააძევეს და ნაადრევ შხაპს იღებდა ― „ლივერპულმა’’ გააკეთა ის, რის გაკეთებაც მხოლოდ ნამდვილ ჩემპიონებს შეუძლიათ. მან მოიგო და ეს 16 წლის დებიუტანტის რიო ნგუმოჰას მიერ გატანილი გოლის წყალობით შეძლო. ეს ბავშვი მერსისაიდელებმა „ჩელსის’’ აკადემიას გამოგლიჯეს ხელიდან. „სანი’’ ხუმრობს, რომ ის რაც მოხდა დაუჯერებელი იყო და საერთოდ, პრემიერლიგამ ასეთ სიუჟეტებს თუ არ მოუკლო, მალე ყველას გამოგონებული ამბავი ეგონება.
ახლა გოლები უფრო დალაგებით ჩამოვთვალოთ. ანგარიში 35-ე წუთზე სტუმრების ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რაიან გრავენბერხმა გახსნა. 45+3 წუთზე გორდონმა ვირჯილ ვან დაიკის წინააღმდეგ იუხეშა და ის მოედნიდან გააძევეს. აქ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ნიუკასლის შვედი თვდამსხმელი ისაკი ფაქტობრივად გაფიცულია, რადგან „ლივერპულში’’ უნდა გადასვლა, „კაჭკაჭები’’ კი არ უშვებენ. რა მოხდებოდა ის მოედანზე რომ ყოფილიყო არავინ იცის, მაგრამ მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ფრანგმა უგო ეკიტეკემ „წითლები’’ ორი გოლით დააწინაურა. ამის მერე უმცირესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა ძალები მოიკრიბეს და 57-ე წუთზე ბრაზილიელმა ბრუნო გიმარაეშმა სხვაობა შეამცირა, 88-ე წუთზე კი დანიელმა უილიამ ოსულამ სულაც გაათანაბრა.
90+6 წუთზე არნე სლოტმა მოედანზე ზემოთ უკვე ნახსენები ნგუმოჰა შეიყვანა და… ნიუჰემელმა (1965 წელს შექმნილი ლონდონის გარეუბანია) ყმაწვილმა ოთხ წუთში ინგლისის ჩემპიონს გამარჯვება მოუტანა.
გიორგი მამარდაშვილი, როგორც ცნობილია, „ლივერპულის” სათადარიგო მეკარედ ითვლება და ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 09:01რინერი ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება და მერე ოლიმპიადაზე გამოვა
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 07:09რას უწუნებდა ჩავი დემბელეს?
აქეთურ-იქითური09/11/2026 | 09:41ნევილი: გულშემატკივართან მისვლას და ტაშის კვრასაც ზომიერება უნდა
მთავარი ამბავი09/11/2026 | 07:16ჟორჟი პასის გარეშე
