დე ძერბიმ, რაბიო კარგი კაციაო

Home აქეთურ-იქითური დე ძერბიმ, რაბიო კარგი კაციაო
დე ძერბიმ, რაბიო კარგი კაციაო

Khvicha Kvaratskhelia of PSG, left Adrien Rabiot of Marseille during the Ligue 1 football match between Paris Saint-Germain and Olympique de...ადრიენ რაბიოს ამბავი მოგეხსენებათ, ინგლისელ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან ჩხუბის შემდეგ „მარსელმა’’ ის მოკვეთა და ახალ კლუბს ელის. ყველაფერი თითქოს მკაცრად და მკაფიოდ იყო, მაგრამ გუნდის მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ პრეს-კონფერენციაზე ყველა გააკვირვა. მან თქვა:

„მე პაბლოსთან (კლუბის პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთან) და მეჰდისთან (სპორტულ დირექტორ მეჰდი ბენატიასთან) ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების შეცვლა ჯერ კიდევ შეიძლება. მართალია ადრიენი შეცდა, მაგრამ ის კარგი პიროვნებაა, მე კი არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ვინმეს კარს ცხვირწინ მიუჯახუნებს. თუკი შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა მე გადავჭრა, მაშინ ყველაფერს გავაკეთებ. იმიტომ კი არა, რომ ფეხბურთელი მჭირდება, არამედ იმიტომ, რომ რაბიო კარგი კაცია. მთავარი ფეხბურთი კი არა, ადამიანია’’.

ფრანგული პრესა წერს, რომ თავის მხრივ, რაბიომაც უკან დაიხია, ოღონდ ჯერ ეს საჯაროდ არ გაუკეთებია. ამბობენ, რომ წარმოშობით პარიზელ ნახევარმცველს, რომელმაც სხვადასხვა დროს ითამაშა „პარი სენ ჟერმენში’’, „ტულუზში’’, „იუვენტუსსა’’ და „მარსელში’’, არის საფრანგეთის ხუთგზისა და იტალიის ჩემპიონი, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში კი ერთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, მარსელელ თანაგუნდელებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია და მზად არის ნებისმიერ წამს მხარში ამოუდგეს მათ. რაბიოს უთქვამს, რომ გაოგნებულია, თუ რა მასშტაბები მიიღო ინციდენტმა.

საფრანგეთში წერენ, რომ 30 წლის ფეხბურთელის გუნდში დაბრუნება მარტო მასზე და ჰუმანისტ დე ძერბიზე არ არის დამოკიდებული. საქმე კლუბის პრესტიჟს ეხება. მდგომარეობა დაძაბა ფეხბურთელის საქვეყნოდ ცნობილმა დედამაც, რომელიც იმავდროულად შვილის აგენტია. ვერონიკ რაბიომ პრესაში „მარსელის’’ ხელმძღვანელობის შესახებ მწარე სიტყვები ილაპარაკა. მედია ამბობს, რომ რაბიოს საგის დასრულებამდე სავარაუდოდ ჯერ კიდევ იქნება ერთი ან ორი ეპიზოდი, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.