ჟორჟი ვილიარეალს მოუნდა

Home კატეგორიის გარეშე ჟორჟი ვილიარეალს მოუნდა
ჟორჟი ვილიარეალს მოუნდა

Georges Mikautadze of Lyon celebrates his goal during the Ligue 1 Mcdonald's match between Montpellier and Lyon at Stade de la Mosson on February 16,...თუ „ლიონის’’ ხელმძღვანელებს მალიკ ფოფანას შენარჩუნება უნდათ, მათ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ანუ 1 სექტემბრამდე ფული უნდა იშოვონ. საამისოდ არსებობს ერთადერთი გზა: კლუბმა ჟორჟ მიქაუტაძე უნდა გაყიდოს. სხვანაირად დიდი ფული არ იშოვება. როდესაც ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ ფოფანას რონისპირა კლუბის დატოვება არ უნდა, საქმეში ჩახედულ ადამიანებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს ავტომატურად გამოიწვევდა მიქაუტაძის გაყიდვას. და აი, მყიდველიც გამოჩნდა: ესპანური ლა ლიგის „ვილეარეალი’’, რომელიც ორი ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა, შარშანდელი სეზონი კი მეხუთე ადგილზე დაასრულა ― მას და მეოთხეზე გასულ „ატლეტიკოს’’ ქულათა თანაბარი რაოდენობა, 70, ჰქონდათ.

„ვილეარეალი’’ ჩემპიონთა ლიგაშია და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. მას იერემი პინო წაუვიდა, რომელიც ინგლისურ „კრისტალ პალასში’’ ითამაშებს.

ეს ამბავი ბელგიელმა ჟურნალისტმა საშა ტოვალიერიმ დაწერა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ რა თანხაზეა ლაპარაკი. ამრიგად, 1 სექტემბრამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი და ქართველი თავდამსხმელის ბედი „ლიონის’’ ახალი პრეზიდენტის, კორეული წარმოშობის ამერიკელი ქალის მიშელ კანგის ხელშია.

foot01 წერს, რომ გაყიდის კანგი მიქაუტაძეს თუ არა, საკითხის ასე დასმა უცნაურია: მიქაუტაძე არის ფორვარდი, რომელიც „ლიონში’’ სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩავიდა და კლუბის ლეგენდის ალექსანდ ლააკაზეტის შემცვლელად ითვლება.

Footmercato ადასტურებს, რომ „ვილიარეალს’’ ქართველის შეძენა მართლა აინტერესებს, მაგრამ დასძენს, რომ ლიონში ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუგზავნია.

„ლიონის’’ გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში გაკვირვებულები წერენ, რომ საყოველთაო ცნობით „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ მიქაუტაძის შესაძენი ფული არ აქვს და რაკი ასეთი მოულოდნელი ნაბიჯის გადადგმას მაინც აპირებს, ესე იგი რაღაც გარანტია მიუღია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.