ჟესტი რომელიც „პარი სენ ჟერმენმა’’ გააკეთა ტრივიალური არ არის და თან მეტყველია ― ნათლად გამოჩნდა, თუ რას აპირებს კლუბი იტალიელ მეკარესთან ჯანლუიჯი დონარუმასთან დაკავშირებით. ახლა ამაზე ბევრს ილაპარაკებენ და კიდევ, საფრანგეთის ჩემპიონი სატრანსფერო ფანჯარას ალბათ სწორედ ამით დახურავს. საქმე ასეა: ლუკა შევალიეს ყიდვიდან სამ დღეში პსჟ-მ იტალიელი გოლკიპერი უეფას სუპერთასის განაცხადში არ შეიყვანა. ანუ, ოთხშაბათს დონარუმა „ტოტენჰემ ჰოთსპურთან’’ სათამაშოდ უდინეში არ იქნება. „პარიზიენი’’ წერს, რომ სუპერთასის შეხვედრამდე 48 საათით ადრე ეს გადაწყვეტილება თავად ლუის ენრიკემ მიიღო.
გაზეთის ცნობით ვარჯიშს, რომლის დროსაც მწვრთნელმა უდინეში წამსვლელთა სია წაიკითხა დონარუმა არ ესწრებოდა. მეკარეთაგან იქ იყვნენ შევალიე, მატვეი საფონოვი და ახალწვეული რენატო მარინა. ცხადია, პარიზული კლუბი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერს იაფად არ შეელევა. მათ ერთმანეთთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებთ.
„მილანის’’ ყოფილმა მეკარემ ბევრჯერ თქვა, რომ კარიერის გაგრძელება საფრანგეთის დედაქალაქში სურს, მაგრამ კლუბთან ხელშეკრულება ვერ განაახლა, რადგან ხელფასის მომატება მოითხოვა. მოლაპარაკებებმა თითქმის წელიწადს გასტანა, მაგრამ ამაოდ. არადა, დონარუმა მთელი სეზონის განმავლობაში ბრწყინვალედ თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაში არაერთხელ გადაარჩინა გუნდი.
ახლა, როდესაც სატრანსფერო ბაზრის დაკეტვამდე სამ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, მთავარია იტალიელს ღირსეული კლუბი მოუძებნონ. რამდენადაც ცნობილია, მისი შეძენის მსურველები მეტწილად ინგლისში არიან.
მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ გოლკიპერი უდინეში არ მიემგზავრება, ფრანგულმა მედიამ მისი გარემოცვის კომენტარის მოპოვება სცადა, მაგრამ საჯაროდ ლაპარაკი არავინ ისურვა. „პარიზიენი’’ წერს, რომ მათ მხოლოდ გულისტკივილი შეეტყოთ. დონარუმას გარემოცვის წევრებს მიაჩნიათ, რომ თუკი ვინმემ „პარი სენ ჟერმენი’’ სუპერთასამდე მიიყავანა, ერთ-ერთი იტალიის ნაკრების გოლკიპერი იყო და მისი სუპერთასის განაცხადს მიღმა დატოვება სამართლიანი გადაწყვეტილება არ გახლდათ.
პსჟ, როგორც ჩანს, ახალი თავის წერას იწყებს, რომელშიც მის კარს ლუკა შევალიე დაიცავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
