ოქროს ბურთი გუნდში ურთიერთობებს ძაბავს

Home კატეგორიის გარეშე ოქროს ბურთი გუნდში ურთიერთობებს ძაბავს
ოქროს ბურთი გუნდში ურთიერთობებს ძაბავს

Ousmane Dembele of Paris Saint-Germain celebrates scoring his team's second goal with teammate Achraf Hakimi during the FIFA Club World Cup 2025...რამდენიმე დღის წინ „პარი სენ ჟერმენი’’ ბედნიერი იყო, რომ „ფრანს ფურბოლის’’ ჟიურიმ მისი ცხრა ფეხბურთელი „ოქროს ბურთის’’ ნომინანტთა ოცდაათეულში შეიყვანა. როგორც გაირკვა ასეთ წარმატებას უარყოფითი მხარეც ჰქონია: 9 აგვისტოს „კანალ პლუსისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმიმ თქვა: „არასდროს მიოცნებია „ოქროს ბურთის’’ მოგებაზე, მაგრამ ვფიქრობ გასული სეზონი ჩემთვის ისტორიული იყო და მე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას ვიმსახურებ’’. მისი სიტყვები სკანდალური გამოდგა, რადგან პსჟ-ს გულშემატკივრები ელიან, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელად მათი გუნდის სხვა ფეხბურთელს, ფრანგ თავდამსხმელ ოსმან დემბელეს დაასახელებენ.

სოციალური ქსელების ეპოქაში წინააღმდეგობრივ განცხადებას რაც მოჰყვებოდა ადვილი წარმოსადგენია. ბევრმა ჰაკიმი მკაცრად გააკრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ საყოველთაო აღიარებით გუნდურობით არის ძლიერი და გამოკვეთილი ვარსკვლავი არ ჰყავს.

„ეკიპი’’, რომელმაც მუდამ იცის პარიზული კლუბის კულისებსმიღმა ამბები წერს, რომ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ცდილობდა მაროკოელის ინტერვიუს ბოლო მონაკვეთი ეთერში არ გასულიყო, მაგრამ ამაოდ: ჰაკიმმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ჩემი სიტყვები ყველამ უნდა მოისმინოსო.

როგორც „პარიზიენი’’ იტყობინება შექმნილ მდგომარეობას გუნდში დაპირისპირებები ჯერ არ გამოუწვევია, მაგრამ ფეხბურთელების საახლობლოები და საძმაკაცოები ჰაკიმის კომენტარს ემოციურად განიხილავენ.

ფრანგი ჟურნალისტები წერენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია თუ რა რეაქცია ჰქონდა თანაგუნდელის სიტყვებზე თავად დემბელეს. მისი ახლობლები ამბობენ, რომ „დემბუზი’’ ასეთ რაღაცებზე არ ფიქრობს და ფეხბურთზეა კონცენტრირებული, მაგრამ ამის დაჯერება ცოტა ძნელია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.