მეფე ჟორჟი პარიზშიც არ იყიდება

Home კატეგორიის გარეშე მეფე ჟორჟი პარიზშიც არ იყიდება
მეფე ჟორჟი პარიზშიც არ იყიდება

Georges Mikautadze of Olympique Lyon plays the ball during the pre-season friendly match between FC Bayern München and Olympique Lyonnais at Allianz...რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიღო „ლიონი’’ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ბევრ კომპრომისზე წავიდა, ასე ვთქვათ ქამარი მოიჭირა. მგეხსენებათ, რონისპირელები სავალალო საბანკო ანგარიშების გამო კინაღამ ლიგა 2-ში დააქვეითეს, მაგრამ კლუბი გადარჩა და ფულის საშოვნელად მოთამაშეების გაყიდვას შეუდგა. „ლიონი’’ დატოვეს ლიდერებმა ალექსანდრ ლაკაზეტმა, რაიან შერკიმ, ტიაგო ალმადამ და ლუკა პერიმ, რამაც პაულუ ფონსეკას გუნდი დაასუსტა, მაგრამ ახლა პორტუგალიელი მწვრთნელი აცხადებს, რომ კრიზისი დამთავრდა და კორენტენ ტოლისოსა და ჟორჟ მიქაუტაძეს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მზად არის ლაკაზეტის წასვლის შემდეგ გუნდის ლიდერობა გასწიოს და მართალია მისმა გაყიდვამ „ლიონს’’ შეიძლება საბანკო ანგარიში კარგად შეუვსოს, მაგრამ კლუბის მთავარი სკაუტი, ვეტერანი ფეხბურთელი მატიე ლუი ჟანი არ აპირებს აჰყვეს ცდუნებას.

ეს ყველაფერი ადრეც გვითქვამს, მაგრამ ბოლო დღეებში ლიგა 1-ში ახალაღზევებულმა „პარიზმა’’ გადაწყვიტა „ლიონში’’ შექმნილი მდგომარეობით ესარგებლა და მიქაუტაძე ეყიდა. ვაგლახ, პარიზელებს არაფერი გამოუვიდათ. რონისპირელებმა „მეფე ჟორჟის’’ გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

„ლიონის’’ 69 ნომერი მშობლიური ქალაქის კლუბიდან წასვლას თავადაც არ აპირებს. „პარიზი’’ კი ბედს შეეგუა და საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის მატის აბლინის გადაბირებაზე გადაერთო, თუმცა არც „ნანტი’’ აპირებს იოლად დათმის თავისი ამომავალი ვარსკვლავი, რომელმაც ამ ზაფხულს ახალგაზრდათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.