სენტ ეტიენი ამ ორ თავდამსხმელს არ ყიდის და მორჩა!

Home კატეგორიის გარეშე სენტ ეტიენი ამ ორ თავდამსხმელს არ ყიდის და მორჩა!
სენტ ეტიენი ამ ორ თავდამსხმელს არ ყიდის და მორჩა!

Imageარის ფრანგული საიტი, სახელწოდებით peuple-vert, რომელიც „სენტ ეტიენის’’ ამბებს წერს და მან ქართველი თავდამსხმელის ზურიკო დავითაშვილის შესახებ ასე დაწერა: მიუხედავად იმისა, რომ კლუბის დატოვება უნდათ, დავითაშვილს და ლუკა სტასენს ფორეში (ისტორიული რეგიონი საფრანგეთში, რომელშიც შედის ქალაქი სენტ ეტიენი) მოუწევთ დარჩენა. ყოველ შემათხვევაში ასე სურს „მწვანეების’’ ხელმძღვანელობას, რომელმაც ქართველისა და ბელგიელის შენარჩუნება თავის პრიორიტეტად აქცია.

„სენტ ეტიენის’’ სატრანსფერო ამბებიდან ბოლოხანს ყურადღება სწორედ დავითაშვილისა და სტასენის ამბავმა მიიპყრო. 20 წლის სტასენი და 24 წლის დავითაშვილი გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირები გახდნენ 12 და 9 გოლით. მას მერე, რაც „სენტ ეტიენმა’’ ლიგა 1-ში ადგილი დაკარგა, ამ ორ მოთამაშეს „ჟოფრუა გიშარზე’’ დარჩენა აღარ უნდათ, ტოპ-დონეზე აპირებენ კარიერის გაგრძელებას, მაგრამ თავი იჩინა პრობლემამ: კლუბს მათი გაყიდვა არ სურს. სხვა სიტყვებით, „მწვანეებს’’ ფულის გამო საუკეთესო მოთამაშეებთან განშორება ხელს არ აძლევთ, ფინანსურად ასე ცუდადაც არ აქვთ საქმე.

სტასენისა და დავითაშვილის საბაზრო ფასი ბოლო ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბელგიელი 5 მილიონი ევრო ღირდა და 18 მილიონი გახდა, ხოლო ქართველი 3-დან 10 მილიონამდე გაძვირდა. საფრანგეთსა და მის გარეთ ბევრ კლუბს გაუჩნდა როგორც ერთის ასევე მეორე ფეხბურთელის ყიდვის სურვილი, მაგრამ „სენტ ეტიენსაც’’ ჩამოუყალიბდა პრიორიტეტი: თუ ძალიან დიდ ფულს არ შესთავაზებენ, ისე სტასენსა და დავითაშვილს არ გაყიდის. დღეს ითვლება, რომ შემტევი წყვილის შენარჩუნება საუკეთესო სვლა იქნება, რასაც ფორელები ამ სატრანსფერო ბაზარზე შეასრულებენ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.