სამხრეთ აფრიკის ქალაქ მბომბელაში, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩის მასპინძლობით თუა ცნობილი, ადგილობრივმა სარაგბო ნაკრებმა საქართველოს ბორჯღალოსნებს უმაღლესი დონის რაგბის გაკვეთილი ჩაუტარა – 55:10.
ერთი კვირით ადრე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ასევე ტიერ 1-ის წევრი იტალიის ნაკრები 45:0 დაამარცხა და იქაურ პრესაში ქართველებს 60-ქულიანი სხვაობით მარცხს უწინასწარმეტყველებდნენ. და ყველას გასაკვირად, პირველი ტაიმი „ქურციკებმა“ მხოლოდ 22:10 მოგვიგეს.
უფრო მეტიც – მატჩის პირველი ლელო ქართველებმა გაიტანეს. კერძოდ, ვანო კარკაძემ დერეფანში კარგად შეგდებული ბურთის შედეგად შექმნილს მოლს შეეკრა, ბურთიც მიიღო და იქ უკვე მისი შეჩერება არქირთული საქმეა. ეს იყო ჯერაც ახალგაზრდა კვაჭის უკვე მე-10 ლელო ღვინისფერი კვართით გამართულ 25-ე მატჩში, ლუკა მატკავამ კი უნაკლო გარდასახვით თავისი სანაკრებო ანგარიში 200 ქულას გაუთანაბრა, რისთვისაც მას მხოლოდ 30 მატჩის ჩატარება დასჭირდა. მისალოცი ამბავია ორივე ბორჯღალოსნისთვის. თუკი ინდივიდუალურ მიღწევებზეა საუბარი, სანდრო თოდუა უპირველესია – სახელოვანმა ვეტერანმა ნაკრებში თავისი 122-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენ დავით კაჭარავას გაუთანაბრდა.
ლუკა მატკავა მიღწეულზე არ გაჩერებულა – 25 წუთის შემდეგ საჯარიმო დარტყმაც გაიტანა, თუმცა ამ მომენტისთვის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა სამი ლელოს გატანა მოასწრო და მატკავამ მხოლოდ სხვაობა შეამცირა – 15:10. სამი ლელოო, ითქვა, ჰოდა, ეს სამი ლელო მგეზავმა ფაინბერგ-მნგომეზულუმ ვერ გარდასახა, მათ შორის ერთი ისეთი, აცილება წარმოუდგენელი რომ იყო. ამ ბიჭმა მხოლოდ მეოთხე ჯერზე შეძლო გატანა, როცა მისმა გუნდმა ტაიმის ბოლოსკენ მეოთხე ლელო დადო. პირველი ნახევარი, როგორც ითქვა, 22:10 დასრულდა, მეორეში კი აფრიკელებმა ქართველებს შავი დღე აყარეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „ქურციკებმა“ მე-5 ლელო გაიტანეს და ხსენებულმა ფაინბერგ-მნგომეზულუმ მეოთხედ გაუშვა ბურთი მიზანს მიღმა. აქ კი აფრიკელთა დიად მწვრთნელ რასი ერასმუსს მოთმინება ამოეწურა და ხსენებული ვაი-სნაიპერის ნაცვლად თამაშში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჰანდრე პოლარდი ჩართო.
პოლარდმა სამხრეთაფრიკულ მექანიზმში ეს ბოლო ნაკლიც გამოსწორა, გარდასახა რა თავისი გუნდის მომდევნო 4 ლელო, თანაც ერთ-ერთი, დასკვნითი, თავად დადო. სასტარტო მგეზავს ის 8 ქულა რომ არ გაეფლანგა, ანგარიშში სხვაობა არა 45, არამედ 53 ქულა იქნებოდა და იქაური პროგნოზისტები უფრო ახლოს იქნებოდნენ რეალობასთან.
ჩვენმა გუნდმა კი თავის მაქსიმუმთან მიახლოებული რაგბი ითამაშა, თუმცა კლასში სხვაობა აშკარა იყო. სამწუხარო ისაა, რომ 2027 წლის მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნებს ასეთი კი არა, ამაზე საგრნობლად სუსტი სპარინგ-პარტნიორიც აღარ ეყოლება. მოგვიწევს ტიერ 2-ის გუნდებთან შეხვედრებით დაკმაყოფილება. აი, ასე მიზანმიმართულად მოკლეს რაგბი რუმინეთში, რომელიც ადრე ბობოლებს ამარცხებდა, ახლა კი ტიერ 2-შიც მეორეხარისხოვანია. აშკარაა, რომ საქართველოსაც იგივეს უპირებენ. რაგბი ხომ სამყაროს მინი-მოდელია…

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
სიახლეები18/07/2026 | 20:56იმედგაცრუება
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
