ფრანგული მედია, კერძოდ „პარიზიენი’’ კვლავ „პარი სენ ჟერმენის’’ „ჩელსისთან’’ 0:3 წაგებას მისტირის, მაგრამ დასძენს, რომ გასულ სეზონში მეტისმეტად ბევრმა თამაშმა გუნდი დაქანცა და ამიტომაც დამარცხდა. და კიდევ, გაზეთის აზრით ლონდონელებთან წაგება გუნდის ბრწყინვალე სეზონს ვერ აუფერულებს. შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ოთხი ტიტული მოიგო: ევროპის სუპერთასი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა.
ლუის ენრიკეს გუნდმა მარათონული სეზონის ბოლოს ბრწყინვალე თამაშით გულშემატკივრების გულები დაიპყრო, მაგრამ ასე რომ მოხდებოდა თავიდანვე ცხადი სულაც არ იყოო, ამბობს გავლენიანი ფრანგული გამოცემა. ის წერს, რომ პსჟ-ს სეზონის პირველი ნახევარი რთული ჰქონდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდი ხელის ცეცებით მიიკვლევდა გზას, მაგრამ მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი პროგრესის მოწმენი გავხდით, რაც „პარიზიენის’’ აზრით ოსმან დემბელეს ეფექტურობას, დეზირე დუეს დრიბლინგსა და აშრაფ ჰაკიმის ენერგიას ეფუძნებოდა. ეტყობა გაზეთმა მეორე წრეში ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი ვერ შეამჩნია ან შეამჩნია, მაგრამ მნიშვნელოვნად არ ეჩვენა.
„პარიზიენმა’’ ჩამოწერა 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო და უარესი მომენტები, რის შემდეგაც დაასკვნა, რომ გულშემატკივრებს თავიანთი გუნდით აღტაცების საბაბი ნამდვილად ჰქონდათ. პარიზელთა ზოგიერთმა თამაშმა ექსპერტები უბრალოდ აღაფრთოვანა. მათ აღტაცების ყველაზე დიდი საბაბი ჩემპიონთა ლიგის ფინალმა („ინტერთან’’ 5:0 მოგებამ) და ამ შეხვედრაში დეზირე დუეს თამაშმა მისცა. ფორვარდის ამ თამაშს მათ სრულყოფილთან მიახლოებული უწოდეს. მილანელთა კარში ხუთი გოლიდან ორი დუემ შეაგდო და ერთიც საგოლე პასი შეასრულა. იმ დღეს „პარიზიენს’’ მისთვის 9.5 ქულა დაუწერია. გაზეთმა იმ შეხვედრაში ვიტინიას კარგი თამაშიც შეამჩნია. პორტუგალიელი მეტრონომი იყოო. მისი თამაში 9 ქულით შეფასდა, ისევე როგორც დემბელესი 1 თებერვალს „ბრესტთან“ შეხვედრაში, რომელიც პარიზელებმა 5:2 მოიგეს — თავდამსხმელმა ერთ კვირაში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
იშვიათად, მაგრამ იყო შეხვედრები, რომელიც უკმაყოფილების გრძნობას ტოვებდა. „პარიზიენი’’ ისევე როგორც გამოცემათა უმრავლესობა მოთამაშეებს ათბალიანი სისტემით აფასებს. გასულ სეზონში ყოფილა სამი შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ ფეხბურთელმა ორიანი მიიღო. 2024 წლის 26 ნოემბერს „ბაიერნთან’’ შეხვედრაში ეს იყო ბრედლი ბარკოლა; 2024 წლის 1 ოქტომბერს, „არსენალთან’’ შეხვედრაში ჯანლუიჯი დონარუმა და 2025 წლის 3 მაისს „სტრასბურგთან’’ შესხვედრაში ლუკა ფერნანდესი. პარიზელებმა სამივე ხსენებული შეხვედრა წააგეს. სამივეჯერ გუნდს ცუდი პერიოდი ედგა და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა ესა თუ ის წამყვანი მოთამაშე დაესვენებინა. „ბაიერნთან’’ შეხვედრაში გუნდის საშუალო შეფასება იყო 3.09, ხოლო „არსენალთან’’ შეხვედრაში 3.91. ცხადია, უარეს შეხვედრათა რიგშია კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიც „ჩელსის’’ წინააღმდეგ.
საუკეთესო კოლექტიური თამაში გუნდს „ინტერთან’’ ჰქონდა: 10-დან 8. „პარიზიენის’’ ექსპერტებმა გუნდს მაღალი ქულა დაუწერეს „რეალთან’’ შეხვედრაშიც: 7.27. მესამე ადგილზე არის 4:1 მოგება „ლილთან’’: 6.86. იმ დღეს პარიზელებმა 37 წუთში 4 გოლი გაიტანეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
