ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონთან

Home დავთარი ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონთან
ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონთან

შაბათს, 19:10-ზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკის ქალაქ მბამბელაში დაუპირისპირდება მსოფლიო ჩემპიონს. სამხრეთ აფრიკის ნაკრები, იგივე „სპრინბოქს“, ან „ბოკე“ (ქართულად – „ქურციკები“ მსოფლიო რაგბის ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული გუნდია – მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ბოლო ორი ტიტული 2019 და 2023 წლების მსოფლიო თასებზე მოიპოვა.

ესაა სუპერგუნდი, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგშიც კარგა ხანია, ლიდერობს და შარშანწინდელი ტრიუმფის შემდეგ გამართულ 16 მატჩში მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა – შარშან არგენტინასთან და ირლანდიასთან.

აი, ასეთი დიადი გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ ბორჯღალოსნებს გამოცდის ჩაბარება.

ეს იქნება ქართველებისა და აფრიკელების მესამე შეხვედრა პირველი დაპირისპირება 2003 წელს, ქართველებისთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში შედგა და „ქურცუკებმა“ 46:19 იმარჯვეს. იმ თამაშში დაფიქსირდა პირველი ქართული ლელო მსოფლიო თასებზე და მისი ავტორი კვაჭი დავით დადუნაშვილი გახდა.

მეორე შეხვედრა 2021 წლის ზაფხულის ტესტების ეგიდით სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა ორი მატჩის გასამართად მიგვიწვიეს, მაგრამ პირველის მერე, რომელიც აფრიკელებმა 40:9 მოიგეს, ორივე გუნდი კოვიდით დაავადდა და მეორე თამაში აღარ შედგა.

რაც შეეხება ჩვენს შემადგენლობას, ერთი დებიუტანტი გვყავს – მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე. კიდევ ისაა საინტერესო, რომ რიჩარდ კოკერილმა მარქაფაში არა 5, არამედ 6 ფორვარდი შეიყვანა – ამ ხერხს თანამედროვე რაგბში სწორედ „ქურციკები“ მიმართავენ. და კიდევ: სანდრო თოდუა სასტარტოშია და შაბათს თავის 122-ე კეპს მოიხვეჭს. ამდენივე აქვს საქართველოს რაგბის კავშირის ამჟამინდელ პრეზიდენტ დავით კაჭარავას და ესაა უმაღლესი მაჩვენებელი ბორჯღალოსნებს შორის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში:

  1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 13 კეპი, 5 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 24, 45), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 19, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 19, 25), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (მონ-დე-მარსანი, 26, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 24, 20), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, , კაპიტანი, 48, 20), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 15, 20), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 95, 98), 10. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 29, 198), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 121, 100), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 69, 50), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 43, 20), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 52, 250), 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, 42, 109).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 6, 5), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი, 13, 0), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 44, 20),  19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი, 0, 0), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 7, 0), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 41, 30), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 55, 351), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 15, 15.,

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.