ლუის ენრიკე: ჩემს შეხედულებას რა მნიშვნელობა აქვს, რაც გინდა მოხდეს მაინც გამაკრიტიკებენ

Home აქეთურ-იქითური ლუის ენრიკე: ჩემს შეხედულებას რა მნიშვნელობა აქვს, რაც გინდა მოხდეს მაინც გამაკრიტიკებენ
ლუის ენრიკე: ჩემს შეხედულებას რა მნიშვნელობა აქვს, რაც გინდა მოხდეს მაინც გამაკრიტიკებენ

Paris Saint Germain's Khvicha Kvaratskhelia during a training session at Emirates Stadium, London. Picture date: Monday April 28, 2025.„პარიზიენი’’ წერს, რომ ლუის ენრიკემ ლონდონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შოუ მოაწყო.„არსენალისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ ის ხუმრობდა, ცალკეულ მომენტებში იყო ირონიული და ერთი-ორჯერ ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ გააღიზიანა კიდეც. გთავაზობთ ამონარიდებს:

Paris Saint Germain's Achraf Hakimi at Emirates Stadium, London. Picture date: Monday April 28, 2025.ბევრჯერ გითქვამთ, რომ გინდათ თქვენმა გუნდმა სტუმრადაც ისევე კარგად ითამაშოს, როგორც შინ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტრესი დიდია და ამის გაკეთება იოლი არ იქნება. როგორ დაეხმარებით თქვენს ფეხბურთელებს ამ პრობლემის გადალახვაში?

მართალია, ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩვეულებრივი მატჩია ორი მეკარით, ორი კარით და ორი გუნდით, რომელთაც სურთ ერთმანეთს აჯობონ. გადამწყვეტ როლს ითამაშებს ის, თუ როგორ გაართმევ თავს მატჩის ამა თუ იმ ასპექტს: პრესინგს, დაცვასა თუ ნახევარდაცვაში ჩასვლას. ამ მომენტებს კარგად უნდა გავართვათ თავი და უპირატესობა მოვიპოვოთ.

აქვს „არსენალს’’ რაღაც ისეთი, რაც პსჟ-ს არ აქვს?

ეს კერძო შეხედულების ამბავია და რაკი ასეა, მეტოქეზე მხოლოდ კარგს ვიტყვი. „არსენალი’’ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც ექვსი წელიწადია ერთი მწვრთნელი ჰყავს. ის მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს. ვერ გეტყვით ნახევარფინალში ევროპის ოთხი საუკეთესო გუნდი გავიდა თუ არა, მაგრამ აქ ყოფნას ოთხივე იმსახურებდა. დანარჩენი კი ფერისა და გემოვნების ამბავია. მე მაგალითად ჩემი გუნდი ყველას მირჩევნია და იმიტომაც ვზივარ აქ. ზოგს „არსენალი’’ ურჩევნია, ზოგს „პარი სენ ჟერმენი’’. ასეთია ცხოვრება.

რა შეიცვალა ოქტომბრის მერე, როდესაც მიმდინარე სეზონში პირველად შეხვდით „არსენალს’’?

ის მატჩი შვიდი თვის წინ გაიმართა და მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. მე ვნახე იმ შეხვედრის ჩანაწერი და მივხვდი, რომ ჩვენი გუნდი განვიტარდა. ახლა მაშინდელზე ძლიერები ვართ და ჩვენ ეს უკვე დავამტკიცეთ. ჩემპიონთა ლიგაში უკიდურესად დაძაბული ჯგუფური ეტაპი გვერგო, მაგრამ ჩავატარეთ რამდენიმე ისეთი თამაში ფინალსაც რომ დაამშვენებდა და ახლა აქ ვართ. გაგვიჭირდა, მაგრამ გავიზარდეთ. ბევრი სარისკო ნაბიჯი გადავდგით, არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიწია, მაგრამ სადღეისოდ უწინდელზე უფრო სრულყოფილი გუნდი გვყავს და კვლავ ნახევარფინალში ვთამაშობთ. ჩვენი ამოცანა ისტორიის შექმნაა, ამის გასაკეთებლად კი მარტო ერთი გზა არსებობს.

ბოლო ოთხი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეთ. ეს ხომ არ განერვიულებთ?

აი, როგორი დადებითი კლიმატია ჩვენ გარშემო. (ირონიულად ამბობს, რომ ჟუენალისტმა უარყოფითი შინაარსის კითხვა დაუსვა) არა, არ მანერივულებს. ნერვიულობა ნულია.

არის თუ არა „არსენალი’’ ყველაზე ძლიერი იმ გუნდებს შორის რომელთაც აქამდე შეხვდით?

ის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც თავისი ქვეყნის ჩემპიონატში უკვე რამდენიმე სეზონია მეორე ადგილზე გადის. ის ძალიან მაღალი დონის თამაშს აჩვენებს, მაგრამ იმის თქმა საუკეთესოა თუ არა, ძნელია. „არსენალი’’ ჩვენს მსგავსად, აშკარად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

როგორ შეუძლია ვიტინიას დაგეხმაროთ გუნდის აღმასვლათა და ჩავარდნათა დაბალანსებაში?

ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია; ვინ იცის, რომელი მათანი იტყვის ხვალინდელ შეხვედრაში გადამწყვეტ სიტყვას, ერთ ან მეორე გუნდში. „არსენალი’’ და „პარი სენ ჟერმენი’’ ერთმანეთს ჰგვანან. „არსენალიც’’ მთლიანობაში აზროვნებს, უტევს და იმავდროულად თავსაც იცავს. მის შემადგენლობაში არიან მაღალი დონის პიროვნებები, მაგრამ ასეთები ჩვენც გვყავს. „არსენალს’’ არ ჰყავთ ერთი ფეხბურთელი, რომელზეც დამოკიდებულება. იქ ჯგუფის ძალა იგრძნობა.

„პარი სენ ჟერმენმა’’ სამ ნახევარფინალში ექვსივე თამაში წააგო. ეს სტატისტიკა რამეს გეუბნებათ?

აი, კიდევ კიდევ ერთი დადებითი პოზიცია (კვლავ ირონიულად იღიმება). რომ იცოდეთ, საცობივით ვარ, დატყმას ჩემს თავზე ვიღებ. ჩვენს გუნდში ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებულია. იქ ყველაზე სევდიანი ადამიანი მე ვარ, ასე რომ წარმოიდგინეთ სხვები როგორები არიან.

ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ თქვენ გარშემო უარყოფითი კლიმატია?

როდესაც უარყოფით კლიმატზე ვლაპარაკობ გულშემატკივარს და კლუბს არ ვგულისხმობ. მე თქვენი კითხვები მაქვს მხედველობაში. მათში რაღაც უარყოფითს ვგრძნობ, მაგრამ შეიძლება ვცდები.

თქვენ თქვით, რომ სტანდარტულ მდგომარეობებზე განსაკუთრებით არ მუშაობთ. ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ხომ არ შეგიცვლიათ?

რას ამბობთ, ჩვენ ყველა კომპონენტზე ვმუშაობთ. თქვენი აზრით მე სამწვრთნელო ლიცენზია მაჩუქეს?

რა დასკვნები გამოიტანეთ „დორტმუნდთან’’ შარშანდელი ნახევარფინალებიდან?

ნახევარფინალების შედარება ძნელია. მნიშვნელოვანი მაჩებია, მაგრამ ვერ შეადარებ. მეტოქეები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ოღონდ ერთია, წლეულს ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ.

წინა ეტაპებზე ორი ინგლისური გუნდი გამოთიშეთ შეჯიბრებას. ეს რაიმე უპირატესობას იძლევა?

ეს კითხვა უფრო მიკელ არტეტასთვის არის, თუმცა ვგონებ საკუთარი ძალების რწმენის თვალსაზრისით დიახ, თქვენ მიერ ნახსენები ფაქტი ჩვენტვის პოზიტიურია. ამ სეზონში „ლივერპულმა’’ პრემიერლიგა მოიგო, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ყველა თამაში განსხვავებულია. ყველა ამბობს, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, მაგრამ მე არ ვიცი ვეთანხმები თუ არა ამ აზრს. ისე, ჩემს შეხედულებას რა მნიშვნელობა აქვს, რაც გინდა მოხდეს მაინც გამაკრიტიკებენ. მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და მოუთმენლად ველოდები ნახევარფინალს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.