ევროპის ორივე სარაგბო საკლუბო ტურნირის ფინალი ქართველთა მონაწილეობის გარეშე ჩაივლის, არადა ბოლო წლებში ჩვენი ბიჭები არათუ ფინალისტები იყვნენ, არამედ თასების მფლობელებიც გამხდარან. თუმცა, სამართლიანობა იმის თქმას მოითხოვს, რომ როგორც ჩემპიონთა, ისე ჩელენჯ თასზე ფინალური წყვილები ყველაზე ღირსეულებმა შეადგინეს.
ჩემპიონთა თასი
25 მაისს, ლონდონში, „თოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე“ „ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის“ ჩემპიონთა თასის ფინალში ერთმანეთს ირლანდიური „ლენსტერი“ და ფრანგული „ტულუზი“ დაუპირისპირდებიან.
ამ წყვილის ფინალისტობა არა მხოლოდ საშეჯიბრო კანონზომიერებამ შეადგინა. ზოგადად, ეს ორი კლუბი ყველაზე ტიტულოვანია ევროპის მასშტაბით. ჩემპიონთა თასი ყველაზე მეტჯერ სწორედ ტულუზურ კლუბს აქვს მოპოვებული – 5-ჯერ. მეორე ისტორიულ მეორე ადგილზე კი 4-თასიანი „ლენსტერია“.
ისიცაა, რომ „ტულუზი“ ამ თასს ბოლოს 2021-ში ფლობდა, ხოლო „ლენსტერმა“, 2018-ის ტრიუმფის შემდეგ სამჯერ წააგო ფინალი, მათ შორის შარშან და შარშანწინ – „ლა როშელთან“.
ნახევარფინალში „ლენსტერმა“ ინგლისური „ნორთჰემპრონი“ მძიმე ბრძოლაში 20:17 დაამარცხა, ხოლო „ტულუზმა“ ინგლისურივე „ჰარლიქუინზ“ გაცილებით იოლად დაამარცხა – 38:26.
„ლენსტერი“ და „ტულუზი“ ჩემპიონთა თასის ფინალში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
ჩელენჯ თასი
ამ ტურნირს ბოლო ქართველი მონაწილე ჩამოცილდა. გიორგი ძმანაშვილის „კლერმონი“ ლონდონის „თვიქნემ სთუპზე“ მასპინძლის როლში გამოსულ სამხრეთაფრიკულ „შარქსთან“ უდრამატულეს ბრძოლაში დამარცხდა – 31:32/
„ვულკანებმა“ პირველ ტაიმში „ზვიგენებს“ კი აჯობეს, მაგრამ მეორე უბრალოდ ჩააგდეს, ხოლო მათმა ვეტერანმა დამრტყმელმა ანტუან ბელომ პირველ ტაიმში გაცუდებულ გარდასახვას მეორეში ორი აცილებული პენალტიც დაურთო და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ამ სამი დარტყმიდან თუნდაც ერთი რომ აღმოჩენილიყო ზუსტი, ფინალში „კლერმონი“ გავიდოდა. გასაკვირი ისიც იყო, რომ მიუხედავად მატჩის მიწურულს კლერმონელთა შესამჩნევი დაღლილობისა, გუნდის მწვრთნელებმა ბურჯი ძმანაშვილი და მესამეხაზელი ტიშერონი მარქაფაში გაუაქტიურებლად დატოვეს. და დაისაჯნენ კიდეც – აფრიკელებმა მეორე ტაიმში 2 გარდასახული ლელო მიითვალეს კლერმონელთა კინკილა საჯარიმოს წილ და 32:31 იმარჯვეს.
„შარქსი“ გახდა პირველი სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზი, რომელიც ევროტურნირის ფინალში ითამაშებს.
მეორე ფინალისტი კი ამ ტურნირის ორგზის ტრიუმფატორი ინგლისური „გლოსტერი“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში იტალიურ „ბენეტონს“ დაუძაბავად, 40:23 მოუგო.
„შარქსისა“ და „გლოსტერის“ ფინალური დაპირისპირება ასევე „ტოტენჰემ ჰოთსპურსზე“ გაიმართება, ოღონდ ერთი დღით ადრე – 24 მაისს.
