ვილი კვიპროსზე ფიქრობს

Home კატეგორიის გარეშე ვილი კვიპროსზე ფიქრობს
ვილი კვიპროსზე ფიქრობს

საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 17 ივნისს კვიპროსს ესტუმრება, ხოლო 20 ივნისს – შოტლანდიას.

მოახლოვებული მატჩების წინ საქართველოს ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„სტუმრად ზედიზედ ორი მატჩის ჩატარება იოლი არ არის. გვიწევს მგზავრობა და ენერგიის ხარჯვა. ახლა ვფიქრობთ ამ რესურსის გადანაწილებაზე. კარგია, რომ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კარგ ხასიათზე ჩამოდის, რადგან ბევრმა ლეგიონერმა სხვადასხვა ჩემპიონატებში კარგად იასპარეზა და ტიტულებიც მიიღო. იმედია, მათი განწყობა დანარჩენ ფეხბურთელებსაც გადაედება…

არ ვიცი რამდენად იქონიებს გავლენას, ის რომ კვიპროსს თემურ ქეცბაია წვრთნის. ჩვენი მიზანია საკუთარი თამაში ვითამაშოთ, ისეთი, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში. ჯერ მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ, შემდეგ გადავერთვებით შოტლანდიაზე… შოტლანდია საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშს და ეს ესპანეთთანაც დაამტკიცა, მაგრამ როგორც გითხარით, ახლა მხოლოდ კვიპროსზე ვფიქრობთ…

ვერ გეტყვით არის თუ არა ოპტიმალური შემადგენლობა, რომელიც ამ მატჩებისთვის გამოვიძახეთ. არავინ იცის სეზონის ბოლოს ვინ როგორ ფორმაშია. მაგალითად, კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა. ჩვენ ვარჯიშებზე ვნახავთ ვინ როგორ ფორმაში და კონდიციებშია. ცხადია, ჩვენ გვინდა სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ ასეთივე სურვილი ჯგუფის ხუთივე გუნდს აქვს და ევროპის ჩემპიონატზე გადის მხოლოდ ორი. იმედია, ამ ორ გუნდში ჩვენ ვიქნებით…

ზოგს მიაჩნია, რომ ნორვეგიასთან 2 ქულა დავკარგეთ, მაგრამ მგონია, რომ 1 ქულა მოვიპოვეთ. არ მინდა წინასწარი პროგნოზების გაკეთება, რადგან ერთხელ გავაკეთე ასეთი პროგნოზი, როდესაც ერთა ლიგის წინ ვთქვი, რომ ჩვენი მიზანი ოთხივე მატჩის მოგება იყო. მაშინ გამიმართლა, ამიტომ ახლა არაფერს ვიტყვი. თუმცა, თუ ისეთივე შემართებითა და დისციპლინით ვითამაშებთ, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს…

მატჩის წინ ტაქტიკაზე არ ვსაუბრობ, არ ვამხელ გეგმებს. კი, ნორვეგიასთან ორი თავდამსხმელით თამაშმა გაამართლა. თუმცა, აქ არა ტაქტიკაზე, არამედ უფრო მიდგომაზე იყო საქმე. მეორე ტაიმში კარგად მივუდექით სიტუაციას და წარმატებაც მოიტანა. რაც შეეხება უახლოეს მატჩებს. აქაც ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ორივე გუნდი განსხვავებული სტილითა და ტაქტიკით თამაშობს. ჩვენც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...