საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული წარმატების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველი მედალი მოიპოვა…
აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო გუნდური პირველობა მეექვსედ ჩატარდა და ექვსივეჯერ იაპონიამ მოიგო. ჩვენი პირველი მედალი კი იმით არის განპირობებული, რომ გუნდურ შეჯიბრებაში 6 ძიუდოისტია – 3-3 ქალი და ვაჟი.
ქალთა ძიუდოში ცოტა გვიჭირს და მხოლოდ ბიჭების ხარჯზე მოგება აქამდე არ გამოდიოდა, დოჰაში კი ჩვენმა გოგონებმაც იყოჩაღეს. მეტიც, მედალი რომ ვიღეთ, მათი დიდი დამსახურებაა.
საქართველოს ნაკრები „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდა: მონღოლეთი, ბრაზილია, კორეა, იაპონია და საქართველო იყო ბადის ერთ მხარეს. ჩვენებმა პირველ ტურში მონღოლეთს 4:2 მოუგეს. გოგონები სწორედ ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებად იქცნენ: ოთხიდან სამი ქულა მათ ანგარიშზეა – ეთერ ლიპარტელიანმაც (57) მოიგო, სოფიო სომხიშვილმაც (+78) და 19 წლის დებიუტანტმა ეთერ ასკილაშვილმაც (70). ვაჟებიდან ლაშა ბექაურმა (90) იყოჩაღა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი (73) და გელა ზაალიშვილი (+90) დამარცხდნენ.
ბრაზილიასთან მომდევნო შეხვედრა გაცილებით დაძაბული გამოდგა: ამჯერად მხოლოდ ბიჭებმა იმარჯვეს – ლუკა მაისურაძემ, გურამ თუშიშვილმა (+90) და შავდათუაშვილმა, ქალებიდან კი სამივემ წააგო. შედეგად, საჭირო დამატებითი პაექრობა გახდა, სადაც ისევ მაისურაძემ (90) იმარჯვა და 4:3 მოვიგეთ.
მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ იაპონიასთან 1:4 დავთმეთ. ჩვენგან ერთადერთი პაექრობა თუშიშვილმა მოიგო, მაისურაძე, კოტე კაპანაძე (73) და ქალთა სამეული კი დამარცხდა.
გუნდმა რეპაშაჟში გადაინაცვლა, სადაც უზბეკეთს 4:2 აჯობა. იმარჯვეს მაისურაძემ, ლიპარტელიანმა, სომხიშვილმა და თუშიშვილმა, ხოლო შავდათუაშვილმა და ასკილაშვილმა წააგეს.
ბრინჯაოს ფინალში მეტოქედ გერმანია გვერგო: შავდათუაშვილმა, ბექაურმა, თუშიშვილმა და ლიპარტელიანმა იმარჯვეს, ასკილაშვილი და სომხიშვილი კი დამარცხდნენ. შედეგად, დასკვნითი შეხვედრა 4:2 მოვიგეთ და ქართული ძიუდოს ახალი ფურცელი დაიწერა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
