„ლიონმა“ ახალი ჩემპიონატის მესამე მატჩიც მოიგო და 14 ქულით ტოპ 14-ში ერთპიროვნულადაც გალიდერდა. ამასთან, გიორგი მელიქიძემ ხსენებულ ლიგაში 150-ე მატჩი ჩაატარა. პრო დ2-ში კი 3 ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო ლუკა მატკავამ მორიგი უხვქულიანი მატჩი ჩაატარა.
ტოპ 14
„ლა როშელმა“ უქულო აუტსაიდერ „რასინგ-92-ს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 10:20 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებს კვაჭი ნიკა სუთიძე დაუბრუნდა, რომელიც თავდაპირველად „ბეზიეში“ 1 წლით განათხოვრდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ძველ კლუბს დაუბრუნდა. გაგი მარგველაშვილმა ამასობაში პარიზელთა სასტარტოში გადაინაცვლა, ხოლო მარქაფაში ვლადი აშვეთია გამოჩნდა, რომელმაც ტოპ 14-ში თავისი მე-5 მატჩი ჩაატარა.
„მონპელიემ“ „პერპინიანი“ 50:13 გაანადგურა, ხოლო ლუკა ჯაფარიძემ 75-ე მატჩი ჩაატარა. აი, მისმა თანაამპლუელმა „სტად ფრანსედან“ გიორგი მელიქიძემ კი 2-ჯერ მეტი – 150-ე მატჩი გამართა და ამ მაჩვენებლით მოქმედ ქართველ მორაგბეებს შორის მხოლოდ ვეტერანებს – ლევან ჩილაჩავასა (202) და ლექსო ყაულაშვილს (182) ჩამორჩება.

ერთპიროვნულ ლიდერად კი „ლიონი“ იქცა, რომელმაც ირაკლი აფციაურისა და ბექა საღინაძის დახმარებით „პო“ 51:24 დაამარცხა. „ვანმა“ შინ ჩემპიონ „ტულუზს“ ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 23:29, რაც იმას ნიშნავს, რომ ელიტაში დაბრუნებული გუნდი კვლავაც უქულო აუტსაიდერია.
პრო დ2
„ორიაკმა“ შინ „ბრივის“ სიმძლავრეს ვერ გაუძლო და ბონუსით დამარცხდა – 28:29. მასპინძელთაგან თითო ლელო თედო აბჟანდაძემ და ირაკლი მჭედლიძემ მიითვალეს, ორივესთვის – სეზონში მეორე და კარეიერაში – მე-6. თედო მიმდინარე სეზონს ფულბექად ატარებს და კარშიც იშვიათად ურტყამს. მის ნაცვლად ამ მისიას ძირითადად ავსტრალიელი მგეზავი ჯეიკ სტრაჩანი ასრულებს და წარმატებულადაც – 46 ქულით ლიგის ლიდერობას ლუკა მატკავასთან ინაწილებს.
ლუკა მატკავას „ოიონაქსმა“ აჟენში რთულ გამარჯვებას მიაღწია – 19:17 და ამ 19 ქულიდან 14 საკუთარ ანგარიშზე სწორედ ბორჯღალოსანმა მგეზავმა ჩაიწერა. ლუკამ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და მისი ზუსტი ფეხი გუნდის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს – „ოიონაქსი“ 18 ქულით პრო დ2-ის ლიდერია.

„ანგულემმა“ გასვლაზე „ნარბონთან“ 26:31 წააგო და ბონუსს დასჯერდა. 34-ე წუთზე გიორგი ჯავახიამ სეზონში პირველი ლელო გელა აფრასიძის დახმარებით გაიტანა. 5-მეტრა ხაზთან აფრასიძემ ბურთი ჯავახიას გადაულოცა, ბორჯღალოსანი მეორეხაზელის წონას და ძალას რამდენიმე დამცველმა ვერ გაუძლო. ეს იყო ჯავახიას 24-ე (!) ლელო პრო დ2-ის 137 მატჩში, ხოლო აფრასიძეს საანგარიშო მატჩში პრო დ2-ში დებიუტი ჰქონდა – აქამდე ბორჯღალოსანი 9 ნომერი მხოლოდ ტოპ 14-ის კლუბებში თამაშობდა
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 22:27მელიქიძე – 150
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 14:01კაპიტნები, დებიუტანტები, ლელოები…
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
