„ლე კლასიკი“ „პარი სენ ჟერმენმა“ 2:1 მოიგო. დამარცხებულ „მარსელს“ რთული პერიოდი აქვს – 5 თამაშიდან 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. შეხვედრაში, რომელიც „ველოდრომზე“ გაიმართა სტუმრებმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშეს. მთელი მატჩის განმავლობაში ერთი და იგივე სურათი იყო: „მარსელი“ თავის საჯარიმოსთან იდგა, პსჟ კი ბურთს აგორებდა და საგოლე მომენტის შექმნას ცდილობდა. შექმნეს კიდეც პარიზელებმა ბევრი საგოლე მომენტი, მაგრამ მასპინძლებს მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ წაგებას მაინც გადაურჩებოდნენ.
ანგარიში 66-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად ხუთი წუთის შესულმა ფერან ტორესმა გახსნა. 72-ე წუთზე ანგარიში ინგლისელმა ენჯელ გომესმა გაათანაბრა, 74-ე წუთზე კი მარკინიოსმა პსჟ-ს გამარჯვების გოლი შეაგდო.
ამ შეხვედრაში 77-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან „მარსელის“ მცველი, ლეგენდარული ჯორჯ ვეას ვაჟი ტიმოთი ვეა გააძევეს.
maxifoot-მა კვარაცხელიას თამაში 5.5 ქულით შეაფასა და ამ საკმაოდ დაბალ ქულას ასეთი სიტყვიერი შეფასება მოაყოლა: „60 წუთის განმავლობაში ქართველი პსჟ-ს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი მოთამაშე იყო. მან თავის ფრთაზე რამდენიმე გარღვევა მოაწყო, მუდმივად კომბინირებდა ნუნუ გომეშთან, ცდილობდა ხიფათი შეექმნა. მეორე ტაიმის დასაწყისში ერთხელ დაარტყა კარში, მაგრამ დარტყმული მეკარე ჯეფრი დე ლანჟმა აუღო. მისი ყველაზე თვალშისაცემი მომენტი ის იყო როდესაც დემბელეს მიერ მიწოდებული ბურთის კარში ტექნიკურად გადამისამართება სცადა, მაგრამ სანტიმეტრებით ააცილა მიზანს. ეს იყო კარგი, მაგრამ პრაქტიკული შედეგის არმქონე თამაში“.
footmercato-მ ქართველს კიდევ უფრო დაბალი შეფასება 4.5 დაუწერა. ამ საიტზე გამოქვეყნებული სტატიის ტონი უფრო უკმაყოფილო გახლდათ:
„მისი თამაში ამ შეხვედრაში იმედის გამაცრუებელი იყო. სეზონის საკმაოდ მოკრძალებული სტარტის (1 საგოლე პასი ლიგა 1-ში) შემდეგ მან კვლავ ჩვეული ადგილი დაიკავა მარცხენა ფრთაზე. შესაბამისად, მას პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი ტიმოთი ვეა მეურვეობდა. ქართველმა შეხვედრაზე გავლენის მოხდენა ამ შეხვედრაშიც ვერ შეძლო. ის იშვიათად თამაშობდა სახიფათოდ და შეტევაში უპირატესობის მომტან მოქმედებებს ფაქტობრივად არ აკეთებდა. მას ძირითადად ორთაბრძოლებში უხდებოდა შესვლა. დაგროვებული უკმაყოფილება 39-ე წუთზე ამინე ჰარიტის წინააღმდეგ დაჯარიმებით გამოისახა. ეს იყო მორიგი მატჩი, რომელიც ფეხბურთელმა, რომლისგანაც გაცილებით მეტს ელიან უსახურად ჩაატარა. დემბელეს მიწოდებული ბურთის ქუსლით კარში გადაგზავნა სცადა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა“.
სხვა საიტებმა კვარაცხელიას თამაში ასე შეაფასეს:
flashscore – 7.3; whoscored – 6.7; sofascore – 6.7; fotmob – 7.2
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
