რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?

რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ რუდ გულიტმა თქვა, რომ „ლივერპული“ შეცდა, როდესაც მისი თანამემამულე არნე სლოტი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვა. გარდა ამისა გულიტის აზრით ახალი ფეხბურთელების ყიდვა მყისიერი წარმატების გარანტია სულაც არ არის.

გასულ ზაფხულს „წითლებმა“ ახალ ფეხბურთელებში (გიორგი მამარდაშვილის ჩათვლით) 450 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯეს, მაგრამ ყველა შეჯიბრებაში ერთად 20 შეხვედრა წააგეს, პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონობიდან ერთ წელიწადში სლოტი სამსახურიდან გაუშვეს.

გულიტი: „ვფიქრობ, სლოტის თანამდებობიდან მოხსნა შეცდომა იყო. „ლივერპულის“ მასშტაბის კლუბი ტიტულის მოპოვებიდან ერთ წელიწადში მწვრთნელის გაგდების ტრადიციას არ უნდა ამკვიდრებდეს. ასეთ რაღაცას სხვა კლუბები აკეთებენ. სამწუხაროდ „ლივერპულმაც“ იგივე გაიმეორა.  და მე მაინტერესებს ვინ იყო ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი. ვიღაცამ ხომ თქვა მწვრთნელი გავათავისუფლოთო? მერსისაიდელებმა ბევრი ფეხბურთელი იყიდეს, მაგრამ ეს მყისიერ წარმატებას არ ნიშნავს. ეს ასე არ მუშაობს.

მე იღბლიანი მწვრთნელი ვიყავი. „ჩელსიში“ რომ ვმუშაობდი ჩვენ ჯანფრანკო ძოლა, რობერტო დი მატეო და ფრანკ ლებეფი ვიყიდეთ, მაგრამ მაშინ მე ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა. მე ამ ფეხბურთელებს ვიცნობდი. და თან გამიმართლა. ვიმეორებ, იღბლიანი მწვრთნელი გამოვდექი.

დიდი ფულის პატრონისთვის მისი სწორად დახარჯვა ძნელია. ძალიან ძნელი. დააკვირდით ტოპ ხუთ კლუბს. ისინი როგორც წესი ყოველი სამი ახალი ფეხბურთელიდან სწორად მხოლოდ ერთს ყიდულობენ და წარმატება ამ ფეხბურთელებს მოაქვთ, ისიც თუ გაუმართლებთ. მაღალი დონის ფეხბურთელის ყიდვა, თან ისეთის, რომელიც პრემიერლიგაში თამაშს შეძლებს ძალიან ძნელია, რადგან პრემიერლიგაში სრულიად განსხვავებული ტემპი და სტილია“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.