ნერვები, ბოდიში და ორი თამაში

Home აქეთურ-იქითური ნერვები, ბოდიში და ორი თამაში
ნერვები, ბოდიში და ორი თამაში

Vinicius Junior of Real Madrid is tackled by Gabriel Paulista of Valencia CF during the LaLiga Santander match between Real Madrid CF and Valencia CF...გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა, 32 წლის ბრაზილიელმა გაბრიელ პაულისტამ ბოდიში მოიხადა — ხუთშაბათს, „რეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მან თანამემამულის, ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ იუხეშა. „რეალმა” „ვალენსიას” 2:0 მოუგო.

Mouctar Diakhaby of Valencia, Antonio Rudiger of Real Madrid, Gabriel Paulista of Valencia, Ilaix Moriba of Valencia during the La Liga Santander...ანგარიში უკვე 2:0 იყო, როდესაც ვინისიუსმა მარცხენა ფრთიდან მორიგი გარღვევა წამოიწყო. ამ დღეს მადრიდელთა თავდამსხმელი იშტაზე იყო და „ღამურების” ისედაც პრობლემებით აღსავსე დაცვას ატერორებდა. პაულისტას ნერვებმა უმტყუნა და მოწინააღმდეგეს ფეხი ცელივით, გამეტებით გამოუსვა. ის დაუყოვნებლივ გააძევეს, რასაც მოგვიანებით მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. იქვე, მოედანზე პაულისტას დაუპირისპირდნენ „რეალის” ბრაზილიელი მოთამაშეები როდრიგო და ედერ მილიტაო.

მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ გაბრიელი ჩვეულებრივ ასეთი ქცევით არ გამოირჩევა. იტალიელმა მომხდარი წყობიდან გამოსვლის იშვიათ მომენტს დააბრალა. დაახლოებით იგივე თქვა „ვალენსიას” დროებითმა თავკაცმა ვორომაც.

პაულისტას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ორი თამაშით დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვეტერანი მცველი გამოტოვებს „ჩეების” მნიშვნელოვან შეხვედრებს „ჟირონასა” და „ბილბაოსთან”.

პაულისტას ეპიზოდმა ვინისიუსის გარშემო არსებულ დავას ახალი სული შთაბერა. ნახევარ ესპანეთს მიაჩნია, რომ მას მსაჯებისგან მეტი დაცვა ეკუთვნის, მეორე ნახევარი კი გაღიზიანებულია და ამბობს, რომ მადრიდელთა მარცხენა გარემარბი ასეთ სარმებს იმსახურებს, რადგან სულ ვიღაცას ეკინკლავება, ტყუილად ეცემა, აფორმებს, აზვიადებს და ასე შემდეგ.

პაულისტამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ვაღიარებ, რომ წითელ ბარათსა და კრიტიკას ვიმსახურებდი. არ ვამაყობ იმით, რაც ჩავიდინე. მე ძალისმიერი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ უხეში არ გახლავართ. ვინისიუსს პატივს ვცემ და მისი დაშავება მიზნად არ მქონია. ჩვენ კლუბში რთული მდგომარეობა გვაქვს, ყველანი დაძაბულები ვართ. ხანდახან ნერვების მოთოკვა ჭირს. სამწუხაროდ ეს ვერ შევძელი, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. ბოდიშს ვუხდი ჩვენს გულშემატკივარს. ვპირდები, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა „ვალენსიაში” დღეს შექმნილი მდგომარეობა გამოვასწოროთ. გთხოვთ, ჩვენში ეჭვს ნურავინ შეიტანს”.