ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ – საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი შეაჯამა.
ცხადია, გასული წელი აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ასეთ სიმაღლეებზე ჩვენი რაგბი მით უფრო არც საბჭოეთის პერიოდში ასულა: ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის გუნდი – ზაფხულში იტალიას მოუგო, ხოლო შემოდგომაზე უელსიც ზედ მიაყოლა!
გარდა ამისა, პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასის პირველი გათამაშება მოიგო, რასაც შარშანვე, შემოდგომაში ჩატეული მეორე სუპერთასიც წაუმატა.
ცალკეულმა მორაგბეებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს და მათ შორის რაგბის კავშირის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დავით ნინიაშვილი გამოარჩია – მსოფლიო რაგბის ამომავალი ვარსკვლავი.
ნინიაშვილმა ეროვნული ნაკრების თამაშს ახალი შტრიხები შესძინა, ჰაერში თამაშის მისეულმა მანერამ მთელი სარაგბო სამყარო აალაპარაკა და „ლიონის“ ერთ-ერთ ლიდერად ქცეულმა უკანახაზელმა თავის ფრანგულ კლუბთან ერთად მოგებული ჩელენჯ კაპის გარდა თვით „ბარბაროსებისგან“ მიიღო მიწვევა და ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ხსენებული გუნდის შავ-თეთრი ზოლებიანი კვართითაც ითამაშა.
საქართველოს წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებასთან ერთად ნინიაშვილი წლის საუკეთესო ლეგიონერადაც დასახელდა. იყო კიდევ ორი ნომინაცია, სადაც გამარჯვებულები კონკურენციის გარეშე დასახელდნენ – საუკეთესო კაპიტანი მერაბ შარიქაძე გახდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელი – ლევან მაისაშვილი.
სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებაზე უამრავი სხვა პრიზი გაიცა და სასიამოვნოა, რომ რაგბის კავშირმა აწ განსვენებული ზაალ გიგინეიშვილიც არ დაივიწყა – ყოფილი სარბიელელი და რაგბის უდიდესი მოამაგე.
ზაალ გიგინეიშვილს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა პრიზი ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
სიახლეები07/06/2026 | 15:51ჭუმბაძე ნახევარფინალშია
