შავი ლომი წინ მიიწევს

Home კატეგორიის გარეშე შავი ლომი წინ მიიწევს
შავი ლომი წინ მიიწევს

გასულ ტურში „კავალიერსისგან“ განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ „შავმა ლომმა“ ძალები მოიკრიბა და თავისი უშუალო კონკურენტი „იგლზი“ ბონუსით — 42:27 დაამარცხა.

ეს იყო პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზის ბოლოსწინა მატჩი სამხრეთ აფრიკის ქარის თასის პირველი დივიზიონის რეგულარულ ჩემპიონატში და ვიდრე შაბათს ტურის სხვა მატჩები გაიმართება, ილია მაისურაძის მიერ მომზადებული გუნდი ცხრილის მესამე საფეხურზე დამკვიდრდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დასკვნით ტურში ასევე ბონუსიანი მოგებით „შავი ლომი“ ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს და მოვლენების ასეთი განვითარება სულაც არაა არარეალური, რადგან ბოლო მეტოქე შედარებით დაბალი დონისაა.

ჩვენმა ბიჭებმა „იგლზი“ 6-ჯერ დაალელოვეს და ექვსივე შემთხვევაში თავი ფორვარდებმა გამოიჩინეს. თითო ლელო მეორეხაზელებმა ნოდარ ჭეიშვილმა და მიშა ბაბუნაშვილმა დადეს, თითოც — კვაჭებმა შალვა მამუკაშვილმა და თენგიზ ზამთარაძემ, კიდევ ორი კი მესამეხაზელების — ლუკა ივანიშვილისა და თორნიკე აქუბარდიას ანგარიშზეა.

ყველა სხვა მატჩისგან განსხვავებით, ამ ჯერზე „შავმა ლომმა“ ექვსივე თავისი ლელო გარდასახა და ექვსივე დარტყმა ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა. იყო ინციდენტებიც — გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ 10 წუთი სინბინში გაატარა, ხოლო მესამეხაზელმა სანდრო მამამთავრიშვილმა რეფერისგან წითელი ბარათი მიიღო, რამაც ქართველები კიდევ 24 წუთით დატოვა რიცხობრივ უმცირესობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა მეტოქის წნეხსაც გაუძლეს და მორიგი ადგილობრივი რეფერის მიკერძოებასაც.

დასკვნითი მატჩი 11 ივნისს გვაქვს და იმედია, „შავი ლომი“ თავის აფრიკულ მისიას მაინც შეასრულებს.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.