სუფთა ფურცელი

Home დავთარი სუფთა ფურცელი
სუფთა ფურცელი

Image 19ერთა ლიგის მესამე გათამაშება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყო – ახალი ფორმა, ახალი სლოგანი – „მე ვარ საქართველო“, ახალი ჰიმნი. ფილოსოფიის მიხედვით, ახლებური აზროვნება. მოკლედ, მენტალური რევოლუციის ზღვარზე ვართ, რაც იდეაში ცუდი არ უნდა იყოს.

გიბრალტართან მატჩში, ცხადია, ჩვენიანების რეალურ ძალას ვერ ვიხილავდით. ვილი სანიოლს რამდენიმე ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი: მოგება, თანაც სასურველი იყო, დიდი ანგარიშით და ეს ყველაფერი ძალების მინიმალური დახარჯვით უნდა მომხდარყო, რადგან წინ სამი მნიშვნელოვანი შეხვდერა გველის უშუალო კონკურენტებთან.

მეტ-ნალკებად ორივე ეს კომპონენტი შესრულდა. 4:0 მოვიგეთ და ძალებიც შეძლებისდაგვარად დავზოგეთ.

Image 22საქართვლოს ნაკრებისთვის ეს გიბრალტართან სარეკორდო გამარჯვება გახლდათ. მანამდე მათთან ოთხჯერ გვეთმაშა და ოთხივეჯერ მოგვეგო, მაგრამ ასეთი სხვაობით არასდროს.

სიუჟეტიც ისეთი იყო, როგორსაც ველოდით. ორივე ტაიმში თითქმის ცალკარა. მართალია სტუმათა ლამის მთელი გუნდი კარში იდგა, მათი მეკარე დეილ კოლეინგიც ყოჩაღობდა, მაგრამ ამდენი მომენტის გამოუყენებლობას სხვა მეტოქე არ გვაპატიებს და ამ მხრივ რომ სამუშაო გვაქვს, ეს სანიოლმა ჩვენზე კარგად უწყის.

კვარაცხელიამ 63 წუთი ითამაშა. ლამაზი გოლი გაიტანა (მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო) და საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. კაშიას მეორე გოლი ხვიჩას ჩაწოდებულ საჯარიმოს მოჰყვა. „კვარას“ პირველ 5 წუთშიც შეექმნა ორი სახარბიელო მომენტი, მაგრამ წარმატებამდე სულ ცოტა დააკლდა. სხვათა შორის, კვარაცხელიას ეროვნულ გუნდში დებიუტი სწორედ გიბრალტარის წინააღმდეგ შედგა. ეს ამბავი 2019 წლის 7 ივნისს მოხდა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.

უწინდელზე გაცილებით მოტივირებული იყო გიორგი მიქაუტაძე, გოლიც გაიტანა და მერე სანიოლმაც შეაქო.

საბა ლონჟანიძემ ერთხელ ხარიხას მოარტყა ბურთი, შემდეგ კი ორი საგოლე პასი მიითვალა, არადა, ამ ეპიზოდებში თავადაც შეეძლო გატანა. სანიოლმა მას მენტალობა შეუქო: ლობჟანიძე ძალიან მიყვარს. ის ფიქრობს არა საკუთარ თავზე, არამედ გუნდზეო.

მენტალობა ვახსენეთ და, ორიოდ სიტყვა გიორგი ჩაკვეტაძეზე გვინდა ვთქვათ. პირველ ტაიმში ის თავისებური დრიბლინგით გამოირჩა. შესვენების შემდეგ კი სამჯერ დაარტყა შორიდან კარში, მაგრამ სამივეჯერ ააცილა ბურთი კარს.

იყო ერთი ეპიზოდი, როცა გიორგის ქმედება გაუგებარი დარჩა. უწყინარ სიტუაციაში მეტოქეს ხელი ჰკრა და ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა სხვა შემთხვევაში აუცილებლად გააძევებდნენ. სანიოლს ასეთი ემოციები არ უყვარს და ვფიქრობთ, გიორგისთან სერიოზული საუბარი ექნება.

სხვა მხრივ, სავსე სტადიონი და ზედიზედ მეექვსე წაუგებელი მატჩი. ცუდი ის არის, რომ გიორგი წიტაიშვილმა მიიღო ტრავმა და თამაში ვერ ჩაამთავრა.

Image 28

 

 

 

 

 

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.