ხალხი სტადიონზე, გოლები – წვიმაში

Home დავთარი ხალხი სტადიონზე, გოლები – წვიმაში
ხალხი სტადიონზე, გოლები – წვიმაში

ბოლო დღეებში საქართველოში გვარიანად წვიმდა და ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეებმაც ამინდს სოლიდარობა გამოუცხადეს – გოლების წვიმა მოაწყვეს. ჯამში მე -12 ტურში 25 ბურთი გავიდა, რაც სეზონის რეკორდია.

ღია კარის დღე ბოლნისში

ტური წლეულს ყველაზე უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა. „დინამო“ ბოლნისში „სიონს“ ესტუმრა. მეტოქეებმა ერთმანეთს 10 ბურთი გაუტანეს. ჩასულებმა 3:7 გაიმარჯვეს.

დინამოელებს დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე დაუბრუნდა, რომელმაც, სხვათა შორის, 16 წლის წინათ ბოლნისური კლუბი ქვეყნის ჩემპიონი გახადა.

ვნახეთ სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც. თავი 23 წლის უკრაინელმა სტანისლავ ბილენკიმ გამოიჩინა. თითოჯერაც გვინეელმა უსმანე კამარამ, ტოგოელმა საიმონ ბენიომ, განელმა ოსეი ბარნსმა და გიორგი გაბედავამ გაიტანეს.

„დინამო“ შვიდტურიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა მეორე ადგილზე, რადგან „დილამ“ ბათუმში წააგო.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს, შენობის გარეთ და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „OME AL 7th Hea RESIDENCE“-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებახვიჩა ტრიბუნები შეავსო

ლიდერმა, „ბათუმმა“ შინ, ასე ვთქვათ, ექვსქუილანი მატჩი მიუგო უშუალო მდევარ „დილას“ – 3:0. ამისდკვალად, გია გეგუჩაძის გუნდმა მდევრებთან სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდა. გორელებს კი ეს მარცხი მეორე ადგილის დაკარგვად დაუჯდათ, თუმცა თბილისის „დინამოს“ მხოლოდ ბურთების უარესი ბალანსის გამო ჩამორჩებიან.

„ბათუმმა“ პირველ წრეში მარცხისთვის (1:2) რევანში აიღო. ეს ზღვისპირელთა ერთადერთი წაგებაა მინდინარე სეზონში.

ბათუმმა კვლავ მოგვხიბლა. თუმცა სტუმრებსაც არ ეკუთვნოდათ ასეთი ანგარიშით მარცხი. იბრძოდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. ცხადაძის არ იყოს, გორელებსაც დაუბრუნდათ სასჯელმოხდილი უკრაინელი თავკაცი ანდრი დემჩენკო.

ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი ჯადო-გოლი შეაგდო თითქმის სავსე ტრიბუნების წინაშე. ხვიჩა და სავსე ტრიბუნები უკვე სინონიმებად იქცა. ამ ყმაწვილის გამო დაიწყო ხალხმა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე სიარული (თუმცა ბათუმს ეს არც მანამდე აკლდა).

ხვიჩამანია მატულობს. თუნდაც რად ღირს, რომ წინა ტურში, „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ, ის მინდორზე შევარდნილმა ახალგაზრდა გულშემატკივრებმა კინაღამ სუვენირებად დაიტაცეს, შემდეგ კი კაპიუშონმოსხმული კერძო მანქანით გააპარეს სტადიონიდან…

ამჯერად ხვიჩა 56-ე წუთზე შეცვალეს და სწორიც იყო, მეორე ტაიმში მის მიმართ სტუმრები განსაკუთრებით გაუხეშდნენ და ერთ ეპიზოდში ექიმების ჩარევაც გახდა საჭირო. წესების დაცვით ვეღარ აჩერებენ.

გეგუჩაძის გუნდი კი ნელ-ნელა სულ უფრო იხვეწება. ამის დასტური მესამე გოლი გახლდათ, რომელიც უზადოდ შეასრულეს ირაკლი აზაროვმა და თორნიკე გაფრინდაშვილმა. ისეთი სწრაფი, მწყობრი პასები გაითამაშეს მეტოქის საჯარიმოში, პეპ გვარდიოლასაც შეშურდებოდა.

ახალი მწვრთნელის მოლოდინში

„ტორპედო“ ორი ტურის წინ გია ცეცაძემ დატოვა. მის ასისტენტ შოთა ბაბუნაშვილს დისკვალიფიკაცია აქვს და ქუთაისელი ფეხბურთელები „საბურთალოს“ წინააღმდეგ მინდორზე  ისევ გუნდის ანალიტიკოსმა, თორნიკე შეყრილაძემ გაიყვანა მინდორზე.

რამაზ შენგელიას სტადიონი კი დისკვალიფიცირებულია და ქუთაისურ მატჩს მაყურებელი არ ესწრებოდა. თამაშიც ვერ გამოდგა კარგი საცქერი. ერთადერთი გოლი სტუმარმა ლაშა შინდაგორიძემ თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიტანა.

„ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო. კლუბის ხელმძღვანელობა ახლა მთავარმწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატს განიხილავს, მათ შორის, უცხოელისასაც. ვნახოთ.

სხვა

„სამგურალმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა. ახლა წყალტუბოელბსა და მეორეადგილოსან „დინამოს“ შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა.

კერკეტი „თელავი“ კი მიჯრით ორი გამარჯვების შემდეგ დამარცხდა.

ტურის ბოლო მატჩში „გაგრამ“ და „ლოკომოტივმა“ მხიარული თრილერი მოაწყვეს. ხან ერთი იგებდა, ხან მეორე. საბოლოოდ მაინც გაგრელებმა იძალეს. დუბლი მიითვალა ლოკომოტიველმა გიორგი იაკობიძემ. ეს ჯამში სეზონის  მე-13 ორგოლა გახლდათ.

ამასთან, „რკინიგზელებმა“ ორი ბურთი საკუთარ კარში გაიტანეს და კვლავაც უშანსო აუტსაიდერებად რჩებიან.

სიონი 3:7 დინამო

0:1 ბილენკი (4), 0:2 კამარა (18), 1:2 ნიკა ხორხელი (21), 2:2 ლუკა ხორხელი (24), 2:3 ბილენკი (34), 2:4 გაბედავა (41), 2:5 ბენიო (50), 3:5 თომა ტაბატაძე (52), 3:6 ბარნსი (58), 3:7 ბილენკი (90+2)

ტორპედო 0:1 საბურთალო

0:1 შინდაგორიძე (86)

ბათუმი 3:0 დილა

1:0 კვარაცხელია (30), 2:0 ჯიღაური (81), 3:0 გაფრინდაშვილი (84)

სამგურალი 2:1 თელავი

1:0 რუხაძე (4), 2:0 კალანდარიშვილი (27), 2:1 ქოჩლაძე (88)

გაგრა 5:3 ლოკომოტივი

1:0 ანდრონიკაშვილი (7 საკ. კარში), 1:1, 1:2 იაკობიძე (15, 49 პენ), 2:2 ჩოგაძე (59), 3:2 გიორგაძე (64 საკ. კარში). 4:2 შონია (73), 5:2 ბუხაიძე (85), 5:3 დარცმელია (87)

[table id=40 /]

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) -9, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 8, ირაკლი ბიძინაშვილი (ბათუმი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 5, სტანისლავ ბილენკი (დინამო), ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი), დემურ ჩიხლაძე (სამგურალი), ნიკა ხორხელი, ლუკა ხორხელი (ორივე – სიონი), ვაგნერ გონკალვესი (დილა), მათე ვაწაძე (გაგრა) – 4

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.