რაღაც არ გამოდის

Home აქეთურ-იქითური რაღაც არ გამოდის
რაღაც არ გამოდის
Man City vs Manchester United player ratings: Kevin De Bruyne immaculate,  Aaron Wan-Bissaka exposed
დერბიში „სიტიმ” „იუნაიტედს” აშკარად აჯობა

გუშინდელი მანჩესტერული დერბის წინ რომ შეიტყო შემადგენლობაში არ ვარო, კრიშტიანუ რონალდუმ გამოაცხადა, რომ ბარძაყი ტკივა და პორტუგალიაში გაფრინდა. ინგლისური პრესის ინფორმაციით, როდესაც რალფ რანგნიკმა უთხრა, რომ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებდა, სუპერვარსკვლავს გაოცებისგან კინაღამ ყბა ჩამოუვარდა.

რანგნიკს უთქვამს, მეორე ტაიმში დასვენებული კაცი დამჭირდება და ამიტომ თავიდან სკამზე დაჯექიო, „იუნაიტედის” ლეგენდა კი დარწმუნებული იყო, რომ თამაშზე გავლენას თავიდანვე მოახდენდა.

ახლა ამბობენ, თითქოს რონალდუს ტრავმას პორტუგალიის თბილი ამინდი მოუხდება. „სანი” წერდა, რომ მატჩის წინა საღამოს, როდესაც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი გუნდის სასტუმროში ვერ დაინახეს, „იუნაიტედის” ფეხბურთელები გაოცდნენ. უცნაური ის არის, რომ 37 წლის ვეტერანი წინა დღეებში, ვარჯიშებზე, ჩინებულ გუნებაზე იყო და დერბის მოუთმენლად ელოდა.

„სიტისთან” 1:4 დამარცხების შემდეგ, „იუნაიტედის” დროებითმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე თქვა:

„ჩემი სამედიცინო პერსონალის მჯერა. პარასკევ დილას ექიმი მოვიდა და მითხრა, რომ ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემების გამო კრიშტიანუ ვერ ივარჯიშებდა. იგივე განმეორდა შაბათსაც”.

„სიტისთან” შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედს” ვერც ედინსონ კავანი დაეხმარა, რადგან საზარდულის ტრავმა აქვს მოუშუშებელი. ჟურნალისტებმა რანგნიკს ჰკითხეს, როდის დაუბრუნდებიან მოედანს მისი თავდამსხმელები, რაზეც გერმანელმა უპასუხა: „არ ვიცი. იმედი მქონდა, რომ ისინი დერბიში ითამაშებდნენ ახლა, წინ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, „სფურზთან” და „ატლეტიკოსთან”. მთელი ყურადღება მათკენ უნდა მივმართოთ”.

სურათის სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ „სიტისთან” მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელებში დაიწერა, რომ რონალდუ სულაც არ არის დაშავებული, უბრალოდ რანგნიკს ტაქტიკური მოსაზრების გამო ის ამ შეხვედრაში საერთოდ არ სჭირდება. ვინმე cr7.0_lendario-ს პოსტს, საიდანაც ეს ჭორი აგორდა, კრიშტიანუს დამ კატია ავერიუმაც კი დაუსვა ლაიქი. პოსტის ავტორი წინასწარმეტყველებდა, რომ დერბიში რონალდუ სათადარიგოთა სკამზეც არ იქნებოდა.

ცეცხლს ნავთი ლეგენდარულმა როი კინმა დაასხა. მან თქვა: „არ მიყვარს, როდესაც მწვრთნელი ბარძაყზე იწყებს ლაპარაკს. ჯერ ვამბობთ, რომ რონალდუ გოლების მანქანაა, მერე კი წარამარა ვიძახით, რომ ბარძაყი სტკივა და ვერ ითამაშებს. რაღაც არ გამოდის”.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.