ტოპ 14-ის მე-5 ტურში 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, არადა განაცხადებში ერთით მეტი ჩვენებური იყო. საქმე ისაა, რომ „ლიონის“ დამრიგებელმა პიერ მინიონიმ ვერ გარისკა ნორჩი დავით ნინიაშვილის ჩართვა „ბორდოსთან“ ურთულეს საშინაო მატჩში, რომელიც მაპინძელმა ლიონელებმა საბოლოოდ მაინც დათმეს (15:20) და ბონუს-ქულასღა დასჯერდნენ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი იყო, რომელმაც 58 წუთი ითამაშა.
„ბრივმა“ აუტსაიდერ „სტად ფრანსეს“ შინ 19:12 მოუგო, რაშიც გარკვეული წვლილი ქართველებსაც მიუძღვით. ლუკა ჯაფარიძემ პირველი ტაიმი + ბოლო 10 წუთი ითამაშა, ხოლო ის ნახევარი საათი მის ნაცვლად მოედანზე სოსო ბეკოშვილმა გაატარა. ვასილ ლობჟანიძე თამაშში ბოლო 15 წუთით ჩართეს. პარიზელთა შორის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარეს ვასილ კაკოვინმა და გიორგი მელიქიძემ.
„მონპელიემ“ 21:11 დაამარცხა „ლა როშელი“, რომლის რიგებშიც ბოლო 27 წუთი გურამ პაპიძემ ითამაშა.
„პერპინიანმა“ შინ „პოსთან“ 14:29 წააგო. კატალონიელთა სასტარტო №1 გიორგი თეთრაშვილი იყო, ვინც შესვენებისას შეცვალეს, მაგრამ ბოლო 7 წუთით თამაშში დააბრუნეს.
„ბიარიცი“ შინ ჩემპიონ და ლიდერ „ტულუზთან“ 11:17 დამარცხდა. ბასკთა შორის ტრავმამოშუშებული ლუკა აზარიაშვილი 53-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გიორგი ნუცუბიძე და თორნიკე ჯალაღონია შეცვლაზე 64-ეზე შევიდნენ.
„კასტრმა“ „ტულონი“ 27:16 სძლია და მასპინძელთა შორის 61-ე წუთზე ლევან ჩილაჩავა გამოჩნდა, თუმცა 13 წუთში ქართველმა ბურჯმა ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა. ტულონელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა გიგაშვილმა კი საწყისი 61 წუთი ხომ ითამაშა და გარდა ამისა დასკვნითი ათწუთეულიც მოედანზე გაატარა.
დაბოლოს, „რასინგ-92“-მა კლერმონში 17:26 წააგო და პარიზელთა შეტევის პირველ ხაზში მარცხენა და მარჯვენა ბურჯებად 46-ე წუთიდან გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა ითამაშეს, თან ამ უკანასკნელმა – პირველად ტრავმის მოშუშების შემდეგ.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
სიახლეები18/07/2026 | 20:56იმედგაცრუება
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
