ინგლისის „ქომუნითი შილდი“ ანუ სუპერთასი „ლესტერმა“ მოიგო. ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელმა „მელიებმა“ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ 1:0 აჯობეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 89-ე(!) წუთზე, მანჩესტერელთა ყოფილმა „ოქროს ბიჭმა“, 24 წლის ნიგერიელმა კელეჩი იჰენაჩომ პენალტით გაიტანა.
2015-17 წლებში „ეტიჰედის“ იმედმა, თავისი ყოფილი გუნდის კარში შეგდებული შოკისმომგვრელი ბოლო წუთის გოლით სრულიად გადაფარა ჯეკ გრილიშის დებიუტი „მანჩესტერ სიტიში“. ეს დებიუტი კი ასე მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ ბრიტანეთში ფეხბურთელი პირველად გაიყიდა 100 მილიონ გირვანქად.
„ლესტერი“ კი პირველად გახდა „ქომუნითი შილდის“ მფლობელი.
„მელიები“ გამარჯვებას იმსახურებდნენ. ჯერ ერთი კარგად ითამაშეს და სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ. გარდა ამისა, ჩემპიონმა ბოლოს ეტყობა ყურადღება მოადუნა და თამაშის დამთავრებას ელოდა. ეს მოდუნება, ფაქტობრივად, თვითგანადგურების ღილაკზე თითის დაჭერის ტოლფასი აღმოჩნდა.
პენალტი ასე დაინიშნა: „მანჩესტერ სიტის“ ჰოლანდიელმა მცველმა ნათან აკემ იჰენაჩო საჯარიმოში წააქცია. ბურთი ლესტერელთა ახალ თავდამსხმელს, 24 მილიონ გირვანქად ნაყიდ პეტსონ დაკას მოუვიდა. ის ამერიკელ მეკარე ზაკ სტეფენთან პირისპირ იყო. დაკამ დაარტყა, სტეფენმა აუღო, მაგრამ მსაჯმა ჩასტვინა და „დამახსოვრებული“ თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
ფერნანდინიომ და რუბენ დიასმა პროტესტი გამოთქვეს, რის გამოც ყვითელი ბარათები მიიღეს, იჰენაჩომ კი გოლი გაიტანა და ბრაიან როჯერსის გუნდს თასი მოუტანა.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „მანჩესტერ სიტის“ ცხრა წამყვანი ფეხბურთელი აკლდა.
რაც შეეხება „ასტონ ვილასგან“ 100 მილიონად ნაყიდ გრილიშს, ის შეცვლაზე შევიდა ანუ, როგორც ენამწარე ინგლისელმა ჟურნალისტებმა დაწერეს, „უემბლიზე“ შეხვედრის მეტი ნაწილი კვლავ მისთვის ნაცნობ ადგილას, სათადარიგოთა სკამზე გაატარა. იქ, სადაც ზაფხულში, ევრო 2020-ის თამაშების დროს იჯდა ხოლმე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
