ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „რეალის” მთავარი გმირი ქარიმ ბენზემა გახლდათ — მან დიდოსტატურად გაათანაბრა ანგარიში. მადრიდელებმა „ჩელსის” წინააღმდეგ, შინ 1:1 ითამაშეს.
დასაწყისში ინიციატივა სტუმრებს ჰქონდათ. მათი თამაში უფრო მაღალი ინტენსიობით გამოირჩეოდა, ისინი სახიფათოდ მიიწევდნენ მასპინძელთა კარისკენ. „რეალს” კრისტიან პულიშიჩსა და ტიმო ვერნერთან გამკლავება უჭირდა. ერთ ეპიზოდში ვერნერს ახლოდან გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მადრიდელთა მეკარემ ტიბო კურტუამ ბრწყინვალე თამაშით თავისი ყოფილი გუნდი გააწბილა.
„ლურჯებმა” „თეთრებს” მაინც მალე გაუტანეს: მე-14 წუთზე, ტონი რუდიგერმა მოედნის სიღრმიდან მეტოქის საჯარიმოში პულიშიჩს ჩააწოდა, მასპინძლების დაცვა კი ამერიკელს მოუმზადებელი დახვდა. პულიშიჩმა დასარტყმელი პოზიციის ძებნაში ტიბო კურტუას აჯობა და ანგარიში გახსნა.
29-ე წუთზე კი ბენზემამ ვინ იცის მერამდენედ დაამტკიცა, რომ ფეხბურთში შესაძლოა ერთი გუნდი მეორეზე უკეთ თამაშობდეს, მაგრამ გოლი გაუშვას. მაღალი დონის ფეხბურთელს ყველანაირი ლოგიკის გაცამტვერებისთვის წამი სჭირდება. ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ შეხვედრის ორივე გოლი, მათ შორის ისიც, თუ როგორ მიიღო ფრანგმა კარის წინ ბურთი თავით და გაუჩერებლად დაარტყა.
ამის შემდეგ კი, თანდათანობით, სურათი შეიცვალა. მადრიდელთა დაცვაში კარგად თამაშობდა ედერ მილიტაო, 66-ე წუთიდან საქმეში კარგად ჩაერთო „ჩელსის” ყოფილი ვარსკვლავი ედენ აზარი, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სტუმართა ფრანგი ნახევარმცველი ნგოლო კანტე გახლდათ.
მეტოქეები მომდევნო ოთხშაბათს, „სტემფორდ ბრიჯზე” შეხვდებიან ერთმანეთს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
