დღეს ბრიტანეთში შობას აღნიშნავენ და… ვერც აღნიშნავენ. „მანჩესტერ იუნაიტედმა”, მაგალითად, ვარჯიში დანიშნა, ტრადიციული საშობაო ზეიმი კი გაუქმებულია.
ოლე გუნარ სულშერმა დილის ათის ნახევარზე, ქერინგტონის საწვრთნელ კომპლექსში შეკრება და საათანხევრიანი წვრთნა ბრძანა. 26 დეკემბერს, „ბოქსინგ დეიზე”, „იუნაიტედი” ლესტერში თამაშობს და ნორვეგიელი მწვრთნელი ამ შეხვედრისთვის შერჩეული სათამაშო გეგმის დამუშავებას აპირებს. რაც შეეხება კლუბის ზეიმს, რომელშიც ჩვეულებრივ ფეხბურთელების გარდა მთელი პერსონალი იღებს მონაწილეობას, covid 19-ის პანდემიის გამო ჩაიშალა, ხოლო კლუბის სასადილო დაკეტილია.
მაგრამ, შობა შობაა და ვარჯიშის შემდეგ მოთამაშეებს მაინც გაუშვებენ შინ, რათა ოჯახურ სადღესასწაულო ვახშამს არ გამოაკლდნენ, თუმცა ნავახშმევს გუნდი კვლავ შეიკრიბება და ლესტერისკენ აიღებს გეზს.
26 დეკემბერს, „ლესტერ სიტისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი ყველაზე ადრე, საქართველოს დროით 16 საათსა და 30 წუთზე იწყება, რაც ადგილობრივებისთვის 12:30-ია.
მიმდინარე სეზონში, სულშერის გუნდი, პრემიერლიგის მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩების წინ, ჩვეულებრივ სასტუმროში ბანაკდებოდა ხოლმე და ახლაც იგივეა გეგმაში, რადგან ბრიტანეთის ხელისუფლებას კორონაპანდემიის გამო შეზღუდვები ჯერჯერობით არ გაუმკაცრებია.
ცნობილია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცისგან განსხვავებით, „ჩელსის” მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა 25 დეკემბერს ფეხბურთელები გაათავისუფლა და 26-ში პირდაპირ თამაშზე დაიბარა, თუმცა აქ ერთი ნიუანსია: „ჩელსი” სხვა ქალაქში არ მიდის — იქვე, ლონდონში „არსენალთან” თამაშობს. მართალია, მასპინძელი „არსენალია”, მაგრამ მგზავრობის თვალსაზრისით ეს ფორმალობაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში