17 წლის წინ, ივლისში, თბილისის „დინამო“ აშკარა ფავორიტის რანგში ტირანას ესტუმრა. რატომ ფავორიტის რანგში? საქართველოს ჩემპიონებს პირველი მატჩი „დინამოს“ ცარიელ სტადიონზე 3:0 ჰქონდათ მოგებული. მაშინაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გახლდათ. ამათ შორის მოგებულს კი ავსტრიის „გრაცერთან“ უნდა ეთამაშა. მოგებულს რა, 99-პროცენტიანი ალბათობით, თბილისის „დინამოს“…

მაგრამ მოხდა სასწაული – ივო შუშაკის გუნდმა ტირანაში, ძირითადი და დამატებითი დრო 0:3 დათმო, მერე ვეღარც პენალტების სერიაში ივარგა და გავარდა… გაგიკვირდებათ და, ის შეხვედრა ჩვენებმა ნარინჯისფერი მაისურებით ჩაატარეს. როცა მიზეზი ვიკითხეთ, ეს ჩვენი მესამე სათამაშო ფორმაა, დღეს ეს ფერები ვამჯობინეთო, გვიპასუხეს.
ერთი კვირაში თბილისის „დინამო“ „ტირანას“ ისევ ცარიელი ტრიბუნების წინ, ამჯერად კორონაპანდემიის მიზეზით დაუხვდება, მაშინ კი სიცარიელე სტადიონის დისკვალიფიკაციით იყო გამოწვეული..
ვიმედოვნებთ, „დინამო“ საკლუბო ფერებს ამჯერად არ უღალატებს და შედეგსაც სათავისოს მიიღებს, მით უმეტეს, საკვალიფიკაციო რაუნდი ერთმატჩიანია…

ისე, ტირანამ და „ნარინჯისფერმა ევრომატჩმა“ უფრო შორსაც წამიყვანა და გამახსენდა, რომ…
1993 წლის 18 აგვისტოს დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით „დინამომ“ პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი თბილისში ჩაატარა. მეტოქე: ჩრდ.ირლანდიის „ლინფილდი“; მატჩის სტატუსი: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო; მასპინძელი გუნდის ფორმა… შინდისფერი… ორი მატჩის ჯამში „დინამომ“ კი იძალა, მაგრამ შემდეგ უეფამ თქვა თავისი სიტყვა და „დინამოს“ დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
ასეთი უიღბლო გამოდგა თბილისელების და ზოგადად ქართული საკლუბო ფეხბურთის ევროდებიუტი.

მერე უფრო ჩავუღრმავდი… 1973 წელს „დინამო“ უეფას თასზე „ტოტენჰემს“ შეხვდა. თბილისური მატჩი 1:1 დამთავრდა, ლონდონში კი ჩვენებმა სათამაშო ფორმა დაკარგეს…„უაით ჰარდ ლეინის“ გადაღმა, მაღაზიაში ახალი, წითელი ფერის მაისურები შეიძინეს, ითამაშეს და 1:5 წააგეს.
1977 წელს, ისევ უეფას თასზე, თბილისის „დინამომ“ წითელი მაისურებით ითამაშა შვეიცარიულ „გრასჰოპერსთანაც“. შინ ჩვენებმა 1:0 მოიგეს, ციურიხში 0:4 წააგეს.

უფრო ახლოს:
1997 წელს „დინამომ“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა. შინ 1:0 მოიგო, სტუმრად 1:6 დათმო. ჩვენებმა ყვითელი მაისურებით ითამაშეს.
კიდევ რამდენჯერმე იყო, როცა თბილისის „დინამომ“ ტრადიციული ლურჯ-თეთრი გაიხადა და დაისაჯა კიდეც…
მოკლედ, აღარ გინდათ ეს წითელ-ყვითელ-ათასფერები. ლურჯ-თეთრი, ესაა „დინამოს“ ფერი…
ჰოდა, ვიდრე „ტირანა“ ჩამოსულა, გაიხსენეთ ტირანა, ნარინჯისფერი ტირანა…
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი12/06/2026 | 16:59კითხვა შეერთებული შტატების საკონსულოს: იცით, ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება?
მთავარი ამბავი07/06/2026 | 22:36ერიქსენი სიკვდილს მოედანზე ეთამაშება
დავთარი16/11/2025 | 20:50წახვალ, ვილი ???
