2017 წლის დეკემბერში იურგენ კლოპმა საკუთარ თავს სამი კითხვა დაუსვა და დღეს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვებზე გაცემულმა სწორმა პასუხებმა „ლივერპული” გააძლიერა — გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და პრემიერლიგის ტიტულთანაც ხელის ერთ გაწვდენაზე ტრიალებს.
საქმე ეხებოდა ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიუს, რომელსაც „ენფილდ როუდზე” აღმერთებდნენ და ჯადოქარს ეძახდნენ. კოუტინიუს, რომელიც „ბარსელონაში” გადასვლაზე ოცნებობდა და რომლის თაობაზეც „ბარსელონამ” სამჯერ მიმართა „ლივერპულს”, „ლივერპულმა” კი სამივეჯერ უარით გაისტუმრა.
კითხვები ასეთი იყო: რა აზრი აქვს ფეხბურთელის ძალით გაჩერებას, თუკი მას შენს გუნდში ყოფნა არ უნდა?
იყო კი თავად კლოპი დარწმუნებული, რომ კოუტინიუს მომავლშიც ისევე ეფექტურად გამოიყენებდა, როგორც ადრე?
გამოადგებოდა „ლივერპულს” კოუტინიუ, თუკი „ბარსელონა” მეოთხედაც გაუგზავნიდა ოფიციალურ წერილს ბრაზილიელის ტრანსფერის შესახებ და ფეხბურთელს ერთხელაც აურევდა თავ-გზას?
არა, არა და არა!
კლოპისთვის აშკარა იყო, რომ „ჯადოქარი” და გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელი უნდა გაეყიდა, თუმცა ისიც კარგად ესმოდა, რომ ეს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა. ფანებს უბრალოდ გააბრაზებდა.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ კლოპმა კლუბის სპორტულ დირექტორს მაიკლ ედვარდსს და „ლივერპულის” მამობილი კომპანიის, ამერიკული Fenway Sports Group-ის პრეზიდენტ მაიკ გორდონს აცნობა. მათ გადაწყვიტეს მტკიცედ ემოქმედათ და ხალხისთვის ისეთი არგუმენტები მოეყვანათ, რომელიც უკმაყოფილებას გაანელებდა.
სამეულმა გაიხსენა „ლივერპულისა” და „ბარსელონას” ბოლო წლების ურთიერთობა, კერძოდ კი ის, თუ როგორც წაიყვანა ესპანურმა გიგანტმა „ენფილდიდან” ხალხის საყვარელი ვარსკვლავები, ხავიერ მასკერანო (20 მილიონი გირვანქა) და ლუის სუარესი (75 მილიონი გირვანქა). კლოპმა, ედვარდსმა და გორდონმა გადაწყვიტეს „ბარსასთვის” ასეთი „ფინტის” გაკეთების საშუალება მესამედ აღარ მიეცათ.
შედეგად, ედვარდსმა კოუტინიუს სანაცვლოდ „ბარსელონას” არა მხოლოდ 146 მილიონი გირვანქა გამოართვა — რაც სარეკორდო თანხა გახლდათ — არამედ ზედაც ხელი მოაწერინა, რომ თუკი 2020 წლამდე „ლივერპულიდან” ვინმეს წაყვანა მოუნდება, რეალურ ფასს 100 მილიონი უნდა დაამატოს. მაგალითად, თუ „ბლაუგრანა” ვირჯილ ვან დიიკის ყიდვას გადაწყვეტს, 220 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევს, მაშინ როდესაც სხვა კლუბებისთვის ვან დიიკი 120 მილიონი ღირს.
ერთი სიტყვით, „ლივერპულმა”, რომელიც ზედიზედ მეორე წელიწადია რაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონას” ხვდება, კოუტინიუ გაყიდა და პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ძალად „ჯადოქრის” გარეშე ჩამოყალიბდა.
კოუტინიუს გაყიდვამ „ლივერპული” ეკონომიკურადაც ახეირა, თუმცა ბრაზილიელი უმადურივით არ მოიქცა და მერსისაიდელებს „რომასგან” მეკარე ალისონის ყიდვაში შეუწყო ხელი.
ალისონი: „ის იურგენზე და ბიჭებზე აღმატებულ ხარისხში მელაპარაკა. მითხრა, რომ გუნდში ურთიერთობები დალაგებულია და ფეხბურთელებს მიზნად მხოლოდ გამარჯვება აქვთ დასახული. გარდა ამისა, კოუტინიუების ოჯახმა ქალაქი ლივერპულიც მიქო. მათ მითხრეს, რომ ამ ქალაქში ცხოვრება ძალიან კარგია”.
ბევრს უჩნდება კითხვა, თუკი „ლივერპულში” ასე კარგად გრძნობდა თავს, რატომ აიჩემა კოუტინიუმ „ბარსელონაში” გადასვლა? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, მას ტიტულების მოგება უნდოდა და ინებეთ: „კამპ ნოუზე” გადაბარგების შემდეგ ის ესპანეთის ჩემპიონიც გახდა და დაეუფლა როგორც სამეფო თასს, ასევე და ქვეყნის სუპერთასს. სხვა საქმეა, რომ „ბარსელონას” ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ჩამოყალიბება ჯერ მაინც უჭირს.
წინ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებია: 1 მაისს „ბარსელონა” – „ლივერპული”, ხოლო 7 მაისს „ლივერპული” – „ბარსელონა”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
