„რეალი” მეშვიდედ! ანუ მადლობა ზიდანს

Home კატეგორიის გარეშე „რეალი” მეშვიდედ! ანუ მადლობა ზიდანს

„რეალმა” აბუ დაბიში, კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში „ალ აინი” 4:1 დაამარცხა და მეშვიდედ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას. აქვე დავძენთ, რომ ეს გახლდათ მადრიდელთა მიჯრით მესამე ტრიუმფი ამ შეჯიბრებაში.

ჯილდოს, რომელსაც თავიდან საკონტინენტთაშორისო თასს უწოდებდნენ, შემდეგ კი სახელი და ფორმატი შეუცვალეს „რეალი” აქამდე 1960, 1998, 2002, 2014, 2016 და 2017 წლებში ფლობდა.

ამ ტიტულის რაოდენობით „რეალთან” ყველაზე ახლოს „მილანია”. „როსონერიმ” ოთხჯერ აღმართა კლუბთა შორის უძლიერესისთვის განკუთვნილი ჯილდო. „ბარსელონა” შეჯიბრების სამგზის გამარჯვებულია.

მადრიდელთაგან „ალ აინის” კარში გოლები გაიტანეს ლუკა მოდრიჩმა, მარკოს ლორენტემ, სერხიო რამოსმა და… მეტოქე გუნდის მოთამაშემ იაჰია ნადერმა, რომელიც ვინისიუსის შეტევისას შეცდა და მისი დარტყმული ბურთი (რომელიც შესაძლოა მაინც ბადეში შევარდნილიყო) კარში ჩაჭრა. „რალს” 3:0-ზე იაპონელმა ცუკასა შიოტანიმ შეუგდო.

 

***

არგენტინელი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი სულ ცოტა ხანია რაც „ლოს ბლანკოსს” უდგას სათავეში და უკვე თავისი პირველი ტიტული მოიგო. მეორე მხრივ, გუნდის ამ შეჯიბრებამდე მოყვანა სულ სხვა ადამიანის დამსახურება გახლდათ და სოლარის, როგორც ღირსეულ კაცს პრეს-კონფერენციაზე მისთვის მადლობის თქმა არ დავიწყებია.

„ბედნიერები ვართ. ფეხბურთელები ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ. ისინი აქ დიდძალი შრომისა და მრავალი გამარჯვების წყალობით ჩამოვიდნენ. დღევანდელი გამარჯვებით წერტილი დავუსვით ჩემპიონთა ლიგაში მესამე ტრიუმფის წელიწადს. ამ გამარჯვებისთვის დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ზინედინ ზიდანს”.

 

***

კლუბთა მსოფლიო თასის გათამაშება აბუ დაბიში გაიმართა, სადაც გულშემატკივარი „რეალის” მიმართ ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი. იგივე განმეორდა ამჯერადაც, თუმცა იყო ერთი გამონაკლისი — სერხიო რამოსი. როგორც კი მადრიდელთა კაპიტანი ბურთს მიიღებდა, მას უსტვენდნენ და ტრიბუნაზე ღრიანცელი ტყდებოდა. მიზეზი: მაისში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც „რეალმა” „ლივერპული” დაამარცხა, ლივერპულელთა თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი რამოსთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა და მოედნიდან გასვლა მოუხდა. სალაჰი მუსლიმია, ეგვიპტელი, არაბი და მთელი არაბული სამყარო მას კერპად მიიჩნევს. ისინი თავიანთ საერთოარაბულ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ სალაჰს მიიჩნევენ და მის ფინალში დაშავებას რამოსს ალბათ ვერადროს აპატიებენ.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სერხიო რამოსმა „ალ აინის” კარში გოლი შეაგდო, თუმცა ამჯერად თქვენი ყურადღების გამახვილება იმაზე გვსურს, რომ ეს „რეალის” კაპიტნისთვის კარიერაში 25-ე ფინალი გახლდათ. აქედან 21 მან „თეთრების”, ხოლო ოთხი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. ხსენებული 25 ფინალიდან რამოსის გუნდმა 19-ში გაიმარჯვა.

 

***

ნახევარფინალში, „კაშიმა ანთლერსის” კარში გატანილი სამი გოლის ავტორმა, „რეალის” უელსელმა თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო.

 

***

გამარჯვებულმა „რეალმა” ტრადიციულად გუნდური ფოტო გადაიღო და მოედანს საპატიო წრეც შემოურბინა, მაგრამ ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ამ წრეში მონაწილეობა არ მიუღია ისკოს, რომელიც სანტიაგო სოლარიმ ფინალში საერთოდ არ ათამაშა.

ისკოს გარდა საპატიო წრეში მონაწილეობა არ მიიღეს კეილორ ნავასმა, კიკო კასილიამ და დანი კარვახალმა.

 

 

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.