წინ მადრიდი და ფინალია

Home დავთარი წინ მადრიდი და ფინალია
წინ მადრიდი და ფინალია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გამოვლინდება.

მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა 3-ის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი საჯარიმო გახლდათ.

რუმინელებმა დებიუტში შეუტიეს და ზუსტი ჯარიმით დაწინაურდნენ – 3:0. მცირე ხანში თედო აბჟანდაძემ იგივე ხერხით უპასუხა – 3:3. „სტეჟარებმა“ კიდევ ერთი ჯარიმა გაგვიტანეს და 6:3 დაწინაურდნენ, რასაც ოთარ მეტრეველმა ჩინებული ლელოთი უპასუხა, თედომ გარდასახა და საქართველოს ნაკრები 10:6 გალიდერდა. მეტრეველისთვის ეს იყო მე-3 ლელო მე-4 მატჩში.

ტაიმის ბოლოსკენ დამოუკიდებელი ქართული რაგბის მთავარმა მელელოვემაც იყოჩაღა – აკა ტაბუცაძე თავის მარჯვენა ფლანგზე მეურვეებს დაუსხლტა და 59-ე კეპი 52-ე ლელოთი აღნიშნა. თედომ ალამთან დადებული ლელო პირქარში ვერ გარდასახა – ბურთი ძელს მოახვედრა – 15:6. სულ ბოლოს კი რუმინელთა დამრტყმელმა ზურგქარში კიდევ ერთხელ ზუსტად გაისროლა – 15:9.

მეორე ნახევარში კი ბორჯღალოსნების უპირატესობა უკვე უდავო იყო, რასაც 6 ლელო ადასტურებს. კაპიტანმა ბექა საღინაძემ გუნდის ლამაზი შეტევა დააგვირგვინა და 56-ე სანაკრებო მატჩში მე-5 ლელო მიითვალა, ხოლო თედომ მახვილი კუთხიდან მიზანს ააცილა – 20:9.

შემდეგ, თორნიკე ჯალაღონიამ გაიბრწყინა – კარგი შეტევა ჩათვლის მოედანზე შევარდნით დაასრულა, აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 27:9 გახადა. ჯალაღონიასთვის ეს იყო მე-10 ლელო 48-ე სანაკრებო მატჩში. მთლიანობაში თორნიკემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ამ ლელოს ქართული დაცვის შეცდომა მოჰყვა და რუმინელებმაც გაიხარეს – პირველი ლელო-გარდასახვა გაიტანეს – 27:16. გაქტობრივად საპასუხო შეტევაში კი დავით ნინიაშვილმა ულამაზესი შეტევა წამოიწყო, რომელიც შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამ დააბოლოვა. თედომ კი ბურთი ძელს მეორედ მოარტყა, რაც ძალზე იშვიათად ხდება ხოლმე. ანგარიში 32:16 დარჩა, ხოლო რაც შეეხება მატკავას, ეს იყო მისი მე-7 ლელო საქართველოს ნაკრებში, სულ კი მის ანგარიშზე 36 კეპი და 257 ქულა დაგროვდა.

თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე საქართველოს ნაკრებმა მრავალფაზიანი შეტევა მოაწყო, რომლის ბოლოს ბურთი 19 წლის დებიუტანტმა მიხეილ შიოშვილმა მიიღო. 19 წლის ტულონელმა მესამეხაზელმაც თავისი ფანტასტიკური ფიზიკური მონაცემები იოლად გამოიყენა და ბურთის დამიწების პარალელურად რამდენიმე არცთუ ჩია რუმინელიც წალეკა. უდავოა, რომ ამ ჭაბუკს დიდი მომავალი აქვს და ვულოცავთ თავად შიოშვილს და მთელ სარაგბო თემს მის წარმატბულ სანაკრებო დებიუტს. აბჟანდაძის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 39:16 გახდა.

ამასობაში ბორჯღალოსნებმა დაცვაში კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვეს და სტუმრებმა თავისი მე-2 ლელო-გარდასახვაც მიითვალეს – 39:23.

ხუთიოდე წუთში ბორჯღალოსნებს მორიგი ლამაზი ხელდახელ შეტევა გამოუვიდათ და თამაშში მარქაფიდან ჩართულ მიხეილ ალანიას ლელოს დადებაში ხელს თითქოსდა ვეღარავინ შეუშლიდა, მაგრამ მეტოქემ წესები განზრახ, ცინიკურად დაარღვია და რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩათვალა – 46:23.

მაგრამ ქართველებმა მომდევნო შეტევაში ბურთი არანაკლებ ეფექტურად გაათამაშეს და თორნიკე კახოიძემ ბრწყინვალე ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის მე-5 იყო მე-20 სანაკრებო თამაშში. თედო გარდასახა, ანგარიში 53:23 გახადა, ხოლო თავად მატჩი 11 ქულით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ თედო აბჟანდაძემ მეკო კვირიკაშვილის შემდეგ მეორე ქართველია, ვინც 400-ქულიანი ზღვარი გადალახა – თედოს 63 კეპი და 409 ქულა აქვს.

გაწითლებულ დროში რუმინელებმა მესამე ლელო-გარდასახვაც გაიტანეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 53:30.

ორიოდე სიტყვა თამაშგარე ამბებზეც: „ავჭალაზე“ ორი დიდებული ბორჯღალოსანი ნაკრებიდან გააცილეს – 122-კეპიან სანდრო თოდუას და 103-კეპიან შალვა მამუკაშვილს მშობლიურ არენაზე თბილი სიტყვები და მქუხარე ოვაციები მიუძღვნეს ღვინისფერი კვართით მთელი ეპოქის შექმნისთვის..

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.