
იურგენ კლოპის აგენტმა თქვა, რომ მისი კლიენტი „რედ ბულში’’ მუშაობით ძალიან კმაყოფილია და ხმები ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტის „რეალის’’ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ ტყუილია. მოგეხსენებათ, კლოპი „რედ ბულში’’ მსოფლიო ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობს და 2024 წლის ანუ მას მერე, რაც „ლივერპულიდან’’ წავიდა „ცხელ სამსახურებზე’’ უარს ამბობს.
იანვარში, როდესაც „რეალის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან ჩაბი ალონსო გაუშვეს, გავარდა ხმა რომ მის ადგილს კლოპი დაიკავებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მადრიდელებს სათავეში ალონსოს ძველი თანაგუნდელი ალვარო არბელოა ჩაუდგა. ამას მოჰყვა ახალი ჭორი, რომ კლოპი „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ მაინც მივა, მაგრამ ეს ზაფხულში მოხდება, როდესაც ფლორენტინო პერესი არბელოასაც მოხსნის.
კლოპთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი ჭორი, თითქოს ის შეიძლება „ლივერპულში’’ დაბრუნდეს.
ლაპარაკობდნენ მადრიდის „ატლეტიკოზეც’’, რომელიც კონტრაქტის თანახმად ამ სეზონის ბოლოს დიეგო სიმეონემ უნდა დატოვოს.
ამდენ მთქმა-მოთქმას აგენტმა მარკ კოზიცკემ უპასუხა: „იურგენ კლოპი „რედ ბულში’’ თავისი როლით კმაყოფილია. ყველაფერი, რაც „რეალთან’’ მოლაპარაკების შესახებ ითქვა ამ ეტაპზე არის ჭორი’’, – თქვა აგენტმა რომელმაც დასძინა, რომ კლოპი მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის წინ არც სანაკრებო ფეხბურთში აპირებს გადასვლას. კოზიცკეს თქმით, მათ არავინ დაკავშირებია და ჭორებისთვის ამდენი ყურადღების დათმობა არ არის საჭირო.
იანვარში კლოპმა თავად ილაპარაკა, რომ „რედ ბულში’’ მუშაობა მოსწონს. აქ ის ხელმძღვანელობს კლუბთა მთელს ქსელს. სხვებთან ერთად მასში შედიან „ლაიპციგი’’, „ნიუ იორკ რედ ბულზი’’ და „პარიზი’’.
იანვარში მიცემულ ინტერვიუში გერმანელმა თქვა, რომ მისი დღევანდელი სამსახური მშვიდია და სხვაგან გადასვლაზე არ ფიქრობს.
„მინდა თუ არა კვლავ დავუბრუნდე სამწვრთნელო საქმეს? ამწუთას ჩემი პასუხია არა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამას არასდროს გავაკეთებ. მეეჭვება აზრი შევიცვალო, მაგრამ დავიცადოთ. მინდოდა რაღაც განსხვავებული მეკეთებინა. დავესწარი უამრავ ბიზნეს შეხვედრას, გავიცანი ახალი ხალხი და ვისწავლე სიტყვები, რომლებიც არ ვიცოდი, რაც ძალიან კარგი იყო’’, – თქვა კლოპმა.
კლოპის აგენტის ნათქვამს ასეთი ყურადღება კი იმიტომ დავუთმეთ, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გერმანელს თავის ყოფილ კლუბთან „ლივერპულთან’’ აკავშირებდნენ, ხოლო ის, თუ ვინ იქნება მერსისაიდელთა სათავეში არნე სლოტის წასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მეკარისთვის გიორგი მამარდაშვილისთვის არის მნიშვნელოვანი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
