პსჟ-ს დასაწყნარებლად ჩელსიმაც ცუდად ითამაშა

Home სიახლეები პსჟ-ს დასაწყნარებლად ჩელსიმაც ცუდად ითამაშა
პსჟ-ს დასაწყნარებლად ჩელსიმაც ცუდად ითამაშა
ჰოლივუდელები რობ მაკელენი და რაიან რეინოლდსი

ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრა „ვრექსჰემსა’’ და „ჩელსის’’ შორის  ორი მიზეზის გამო იყო საინტერესო. ჯერ ერთი, ეს იყო „ჩელსის’’ ბოლო  თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ დაპირისპირების წინ და მეორეც, ეს გახლდათ „ვრექსჰემის’’ პირველი მატჩი ძლიერ გუნდთან მას მერე, რაც ეს ინგლისური კლუბი ჰოლივუდის ვარსკვლავმა რაიან რეინოლდსმა იყიდა.

თუკი პარიზელებს პარასკევს „მონაკოსთან’’ ცუდად თამაშის (1:3) შემდეგ შეუძლიათ რამით თავი დაიმშვიდონ გახლავთ ის, რომ „ჩელსიმ’’ ერთი ლიგით ქვედა საფეხურზე მყოფ მოწინააღმდეგეს ძირითად დროში ვერ მოუგო (2:2) და დამატებითი 30 წუთის სირბილი დასჭირდა. პსჟ-ს მეტოქემ საბოლოოდ 4:2 გაიმარჯვა. მოკლედ, ამ კვირაში დასავლეთ ლონდონელები პსჟ-ს მსგავსად საუკეთესო ფორმაში არ იყვნენ.

რასაკვირველია, ლონდონელთა თავკაც ლაიამ როსენიორს მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა არ გაუყვანია, მაგრამ მდგომარეობის გადასარჩენად მოგვიანებით მაინც მოუხდა საქმეში ისეთი ფეხბურთელების ჩართვა, როგორებიც არიან ჟოაო პედრო და მარკ კუკურეია.

შემადგენლობის გაძლიერებამ „ჩელსიმ’’ უფრო დინამიკური გახადა. „ლურჯები’’ სემ სმიტის და კალუმ დოილის გოლების გამო ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. პირველ გათანაბრებაში მათ „ვრექსჰემის’’ მეკარე არტურ ოკონკვი ავტოგოლით დაეხმარათ, მეორე კი 19 წლის ჯოშ აჩემაპონგმა შეაგდო.

საბოლოოდ დასავლეთ ლონდონელებს არგენტინელმა ალეხანდრო გარნაჩომ მოაგებინა. მან ძირითადი დროის მიწურულს ჯორჯ დობსონს მიაღებინა წითელი ბარათი, მერე ძელს გაარტყა ბურთი, ბოლოს კი, დამატებით დროში, გოლიც შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ უმცირესობაში დარჩენილმა ჩემპიონშიპის გუნდმა ერთხელაც გაქვითა ანგარიში, მაგრამ VAR-მა ეს გოლი ოფსაიდის გამო გააუქმა.

120+5 წუთზე კი „ლურჯებმა’’ მეოთხე გოლი გაიტანეს (ეს პედრომ შეძლო) და მეოთხედფინალში გავიდნენ.

„პარი სენ ჟერმენისა’’ და „ჩელსის’’ შეხვედრა ოთხშაბათს, საქართველოს დროით უკვე ხუთშაბათს, ღამის 12 საათზე დაიწყება.