გასულ უქმეებზე საფრანგეთში სამი მეტად მნიშვნელოვანი სარაგბო მატჩი გაიმართა: ტოპ 14-ის ორი წინასწარი ნახევარფინალური და ერთიც – ხსენებული ლიგის ბოლოსწინაადგილოსანსა და პრო დ2-ის დამარცხებულ ფინალისტს შორის.
პირველი წინასწარი ნახევარფინალი ბასკეთში გაიმართა, სადაც მილეული სეზონის აღმოჩენა „პომ“ პარიზის „რასინგ-92“-ს უმასპინძლა.
ბასკური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი და კაპიტანი ბექა გორგაძე იყვნენ, ხოლო დედაქალაქელების ძირითადი მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი გახლდათ. თამაში საინტერესო და კარგი საყურებელი გამოდგა. ანგარიშში ხან ერთი გუნდი წინაურდებოდა, ხან – მეორე და ტაიმი მასპინძლებმა 17:16 მოიგეს. მეორე ტაიმის საწყის 14 წუთში კი დედაქალაქელებმა 17 ქულა მიჯრით დააგროვეს და 33:17 დაწინაურდნენ. მართალია, ბექა გორგაძემ ერთი ლელო მალევე გაქვითა, როცა გუნდის მასირებული შტურმი დააგვირგვინა, მაგრამ თამშის მსვლელობაში ამ ლელომ გარდატეხა ვერ შეიტანა. 73-ეზე პოელებმა კიდევ ერთი ლელო-გარდასახვა გაიტანეს და ანგარიში 31:33 გახადეს, მაგრამ მეტისთვის ძალა აღარ ეყოთ. „რასინგი“ და გურამ გოგიჩაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც პარასკევს, 19 ივნისს ტულუზაში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ესტუმრებიან.

ბექა გორგაძემ კი სეზონი 17 მატჩითა და 3 ლელოთი დაასრულა, რამაც მისი კარიერული მონაგარი 105 მატჩსა და 17 ლელოს გაუტოლა. ბექაზე წინ მოქმედ ქართველ მორაგბეებში მხოლოდ დავით ნინიაშვილია, რომლის „ლა როშელმა“ პარიზში „სტად ფრანსესთან“ უიმედოდ წააგო – 5:45.
შესანშნავ ფორმაში მყოფმა დედაქალაქელებმა ბისკაისპირელებს ნამდვილი ტერორი მოუწყეს – 7 ლელო გაუტანეს ერთის წილ, ბრწყინვალე მგეზავმა ლუი კარბონელმა მხოლოდ 5 კი გარდასახა, მაგრამ გუნდი ისე ათამაშა, რომ გამარჯვებულის ვინაობა სათუო წამითაც არ გამხდარა.სამწუხაროდ, კარიერაში საუკეთესო სეზონის ჩამტარებელმა გიორგი მელიქიძემ ტრავმა მიიღო და თამაშში მხოლოდ 11 წუთი გაატარა. სტუმართა სასტარტოში ნინიაშვილი იყო, ხოლო სანდრო ქუნთელია შეცვლაზე უკვე მე-9 წუთზე შევიდა.
„სტად ფრანსე“ თავის წილ ნახევარფინალს „მონპელიესთან“ სტუმრად შაბათს, 20 ივნისს გამართავს.
დაბოლოს, „პერპინიანის“ მორიგ სასწაულზეც ვთქვათ. ამ გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ქულები ჩემპიონატის შუისკენ აიღო, თუმცა მერე მოყოჩაღდა და პირდაპირ გავარდნის „პატივი“ „მონტობანს“ მალევე გადაულოცა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ზედიზედ მესამედ კატალონიური გუნდი სეზონს ბოლოსწინა ადგილზე დაასრულებდა და პრო დ2-ის წაგებულ ფინალისტთან სტუმრად ასევე ზედიზედ მესამედ მოუწევდა ლიგაში დარჩენისთვის რთული მატჩის გამართვა.

ჰოდა, პერპინიანელებმა ზედიზედ მესამედ იმარჯვეს ასეთ მატჩში – ამჯერად მათ „პროვანსი“ შეაჩერეს, რომელსაც ტოპ 14-ში არასდროს უთამაშია. მართალია, მე-16 წუთზე „პერპინიანმა“ გასინბინებული გიორგი თეთრაშვილი დაკარგა და „პროვანსმა“ ორი გარდაუსახავი ლელო მომდევნო 10 წუთში გაიტანა, ხოლო შემდეგ თეთრაშვილის გზას, ოღონდ მატჩის ბოლომდე სამოელი მალოლო გაუყენეს, მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით სარგებლობა ვეღარ შეძლეს და კატალონიელებმა 4 ლელოთი უპასუხეს. დარჩენილ 20 წუთში პროვანსელებმა 2 ლელო კი გაახერხეს, მაგრამ 3 გაუშვეს და 24:47 დამარცხდნენ. ამრიგად, „პერპინიანმა“ ზედიზედ მესამედ მოახერხა თავის დაძვრენა, „პროვანსი“ კი, ოცნების ასრულებზე მომავალ სეზონში იზრუნებს. ცნობისთვის, მასპინძელთა პირველი ლელო თორნიკე ჯალაღონიამ მიითვალა, რომელმაც მთლიანობაში წარმატებული სეზონის 25 მატჩში 3 ლელო გაიტანა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
