კვარას მწვავედაც რომ ეთამაშაო

Home კატეგორიის გარეშე კვარას მწვავედაც რომ ეთამაშაო
კვარას მწვავედაც რომ ეთამაშაო

„პარი სენ ჟერმენმა’’ მეოთხედფინალში „ბაიერნის’’ 2:0 დამარცხების შემდეგ ნახევარფინალში „რეალს’’ 4:0 მოუგო და ეს ძალიან ადვილად გააკეთა. ლუის ენრიკეს ლაშქარი ფინალში „ჩელსის’’ ხვდება. თუ გაიმარჯვებს სეზონის ბოლო, მეხუთე ტიტულსაც მოიპოვებს.

პარიზელებმა პირველი ტაიმი ჩინებულად ჩაატარეს, „რეალზე’’ ზეწოლა განახორციელეს და ათ წუთში მთელს მსოფლიოს ცხადად აჩვენეს, თუ რით, როგორ სჯობიან ყველას 2025 წელს. ჯერ იყო და ოსმან დემბელემ რაულ ასენსიოს უხეში შეცდომით ისარგებლა და ფაბიან რუისს ანგარიში გაახსნევინა, შემდეგ კი ანტონიო რუდიგერმა დაუშვა უხეში შეცდომა და  თავად დემბელემ შეაგდო. როგორც ფრანგული საიტი maxifoot წერს, ამ მომენტში მადრიდელებისთვის ყველაზე ცუდი ის კი არ იყო, რომ უკვე ორი ბურთით ჩამორჩნენ ან შეცდომებს უშვებდნენ, არამედ ის, რომ თამაშის დამთავრებამდე კიდევ სახიფათოდ დიდი დრო, 80 წუთი რჩებოდა. 24-ე წუთზე ჰაკიმიმ რუისს კიდევ ერთი გოლი გაატნინა. მეოთხე გოლი კი შეცვლაზე შესულმა გონსალო რამუშმა 87-ე წუთზე შეაგდო.

მეორე ტაიმში ლუის ენრიკე იმდენად იყო დარწმუნებული თავისი გუნდის გამარჯვებაში, რომ დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია მთელი ნახევარი საათით ადრე შეცვალა.

Maxifoot-მა ქართველი გარემარბის თამაში 7 ქულით შეაფასა. პორტალმა ასე დაწერა: „ყველას აინტერესებს რა მოხდებოდა კვარაცხელია შეტევაში უფრო მწვავე რომ ყოფილიყო. სანამ მოედანზე იყო „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი უზადოდ მოქმედებდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ მომენტში სიზუსტე აკლდა. ეს იმის ბრალი გახლდათ, რომ ის მუდამ ფლანგის ჩაკეტვასა და მადრიდელების პასების ჩაჭრაზე ზრუნავდა. საბოლოოდ ქართველის თამაშმა დაუსრულებელი საქმის გემო დატოვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ის ძალიან ადრე, 59-ე წუთზე შეცვალეს’’.

საიტის აზრით პარიზელთა სასტარტო თერთმეტეულიდან კვარაცხელიაზე მაღალი შეფასება შვიდმა მოთამაშემ დაიმსახურა, საუკეთესო კი ორი გოლის ავტორი ფაბიან რუისი გახლდათ, რომელმაც 10-დან 9 ქულა მიიღო.

ფიფას საიტზე შეხვედრის მონაწილეთა მატჩისშემდგომი კომენტარები გამოქვეყნდა.

ფაბია რუისი: „ვცდილობდი გუნდს დავხმარებოდი და ძალიან ბედნიერი ვარ ამ პროცესში ორი გოლიც რომ გავიტანე. ყველა ღონე ვიხმარე მწვრთნელის დავალება მაქსიმალურად რომ შემესრულებინა. იღბლიანი კაცი ვარ ასეთ კლუბში რომ ვთამაშობ. ახლა გვინდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოვიგოთ და კიდევ ერთი ჯილდო აღვმართოთ’’.

ლუის ენრიკე: „დიდებულ განწყობაზე ვარ. „რეალთან’’ ფლეი-ოფში დაპირისპირება ყოველთვის ძნელია. ვფიქრობ შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ. ჩვენ საგანგებო სეზონს ვატარებთ, საგანგებო მომენტში ვართ და ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით. ახლა ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, ოღინდ ფინალში ისეთ ძლიერ გუნდს ვეთამასებით როგორიც „ჩელსია’’. ჩვენ გვინდა ამ კლუბის ისტორია შევქმნათ’’.

ჩაბი ალონსო („რეალის’’ მწვრთნელი): „შეხვედრის დასაწყისმა ჩვენზე მეტისმეტად იმოქმედა. ვიცოდით, რომ ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებოდით და დაბალანსებული სტარტი გვჭირდებოდა, მე-10 წუთისთვის კი უკვე ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ წინ დიდი სამუშაო გველის. ორი ადრეული გოლის გაშვება გუნდისგან ძალიან ბევრს ითხოვს. ასეთ დროს ბალანსი არ უნდა დაკარგო, რადგან უკიდურესად მაღალი დონის მოწინააღმდეგე გყავს. დღევანდელი წაგება დიდ ანალიზს და შეცდომებზე სწავლას მოითხოვს’’.

მილიტაო („რეალის’’ მცველი): „პარიზელები ყოველთვის ღონივრად, მაღალი პრესინგით იწყებენ თანაშს. ჩვენ კი მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ. ბურთი უნდა გვეკონტროლებინა და ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. პსჟ ახალგაზრდული გუნდია რომელსაც გამარჯვება სწყურია. ისინი ამას კოლექტიური თამაშით გვაჩვენებენ დღეს მკაფიოდ დავინახეთ, თუ რა ძლიერები „პარი სენ ჟერმენი’’. ვულოცავ მათ გამარჯვებას’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.