აშრაფ ჰაკიმის საჩუქარი მატჩის შემდეგ

Home სიახლეები აშრაფ ჰაკიმის საჩუქარი მატჩის შემდეგ
აშრაფ ჰაკიმის საჩუქარი მატჩის შემდეგ

ესპანური „მარკა’’ წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალს’’ ოთხი გოლი გაუტანა, მაგრამ პარიზელთა მარჯვენა მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ არანაკლებ ლამაზი გოლი მატჩის შემდეგ შეაგდო, როდესაც DAZN-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუსთვის მივიდა. საქმე ის არის, რომ ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი გახლდათ „რეალის’’ ყოფილი ვარსკვლავი და ყმაწვილთა გუნდის მწვრთნელი გუტი, რომელსაც ჰაკიმიმ თავის მაისურა აჩუქა.

მაროკოელის ეს ნაბიჯი შემთხვევითობა არ ყოფილა. გუტი 2016-17 წლებში „რეალის’’ 19-წლემდელებში ჰაკიმის მწვრთნელი იყო და მის დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში სერიოზული როლი აქვს ნათამაშები. გუტის ხელმძღვანელობით 19-წლამდელმა მადრიდელებმა ლა ლიგაშიც გაიმარჯვეს და ჩემპიონთა თასზეც. სწორედ იმ წელიწადს დაიხვეწა ჰაკიმი ისე, რომ „რეალის’’ დიდ გუნდთან ვარჯიშის ნება დართეს და ერთ თვეში ზინედინ ზიდანის ხელში დებიუტიც ჰქონდა.

„ის „რეალში’’ თამაშის დროს ძალიან დამეხმარა. მინდოდა მისთვის და მისი ოჯახისთვის რამენაირად მადლობა გადამეხადა, ― თქვა მაროკოელმა, ― მახსოვს, ვკითხე დამრთავდა თუ არა მის ბიჭებთან ერთად ერთდროულად რამდენიმე შეჯიბრებაში მონაწილეობის ნებას. გუტი მხარში დამიდგა და მეც შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი. ის წელიწადი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დიდი გამოცდილება შევიძინე’’.

შემდეგ ჰაკიმიმ ლუის ენრიკეს გუნდში თამაშის პრიორიტეტებზეც ილაპარაკა: „ძალიან მომწონს ამ ბიჭებთან ერთად გუნდში ყოფნა. ერთი დიდი ოჯახი ვართ. ასეა როდესაც კარგი დინამიკა გაქვს, მიდიხარ მატჩზე და ზუსტად იცი რა გინდა. ასეთ დროს ყველაფერი გაცილებით ადვილია’’.

თავის მხრივ ქების სიტყვები არც გუტიმ დაიშურა. „აშრაფი ნამდვილ სპექტაკლებს დგამს. ადრეც ასეთი იყო. დაუჯერებელია, რამდენად დაღვინდა და რა პერიოდი უდგას „პარი სენ ჟერმენში’’.  ის დიდ როლს თამაშობს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში’’, ― თქვა ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულმა.