გერმანიას ერთა ლიგაში გამარჯვებაზე ოცნება ჯერჯერობით ოცნებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შინ თამაშობდა, ნახევარფინალში ბუნდესნაკრები ცივსისხლიან პორტუგალიასთან დამარცხდა – 1:2.
შეხვედრა, რომლის ბედიც მეორე ტაიმში გადაწყდა თავსხმის გამო ათი წუთით გვიან დაიწყო. გოლები კი შესვენების შემდეგ გავიდა: 48-ე წუთზე იოშუა კიმიხმა ბურთი პორტუგალიელების დაცვას თავზე გადაუგდო, სადაც ის ფლორიან ვირტცმა მეტად მოზომილი თავურით შეაგდო კარში. მეკარე დიოგო კოშტამ ამ ეპიზოდში ვერაფერი გააწყო, არადა შესვენებამდე ნიკ ვოლტემადისა და ლეონ გორეცკას დარტყმულებს გაართვა თავი.
გაშვებულმა გოლმა პორტუგალიელები გამოაფხიზლა – წარსულში ცნობილი ფეხბურთელისა და „მილანის’’ თავკაცის თანამდებობიდან ახლახან მოხსნილი სერჟიო კონსეისაუს ვაჟმა ფრანსისკუმ ჩინებული გოლი გაიტანა. 63-ე წუთზე მან საჯარიმოს გარედან იხელთა მომენტი და შესანიშნავად ჩაახვია კარში.
ხუთი წუთის შემდეგ სტუმრებმა მეორე შეაგდეს. „პარი სენ ჟერმენის’’ მარცხენა მცველმა ნუნუ გომეშმა კრიშტიანუ რონალდუს ისეთი პასი მიაწოდა, რომ პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ბურთის კარში შეგდების მეტი არაფერი დარჩენოდა.
„ალ-ნასრის’’ 40 წლის თავდამსხმელისთვის ეს იყო 137-ე გოლი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.
ფინალში პორტუგალიელებს ესპანეთსა და საფრანგეთს შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
