B ჯგუფში შვეიცარიისა და ყატარის შეხვედრაში (1:1) იყო ეპიზოდი, რომლის გამოც ფიფას ოფიციალური გაცხადების გამოქვეყნება მოუხდა. ლაპარაკია VAR-ის შეცდომაზე.
ყატარმა 90+4 წუთზე გაათანაბრა ანგარიში. საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს შვეიცარიელმა მირო მუჰაიმიმ თავურით თავისი გუნდის კარში მიუჩინა ადგილი, მაგრამ საკამათო სხვა ეპიზოდი იყო. მე-17 წუთზე ბრეელ ემბოლომ ანგარიში პენალტით გახსნა და სალაპარაკო სწორედ ამ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა გახდა.
პენალტი ყატარელი მეკარის მაჰმუდ აბუნადას მიერ რემო ფრეულერის წაქცევის გამო დაინიშნა, მაგრამ გამეორებებმა გააჩინა ეჭვი, რომ მანამდე შვეიცარიელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. VAR-მა მომენტი განიხილა და თქვა, რომ ოფსაიდი არ იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი რაკურსიდან თამაშგარე მკაფიოდ ჩანდა. ამან დიდი გაბრაზება გამოიწვია, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ვეტერანმა გარი ნევილმა კი ფიფას დიქტატორი უწოდა. მან თქვა, რომ ფიფამ ნახევრადავტომატური ანალიზის შედეგად ზუსტად იცოდა, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მტკიცებულება დამალა.
შეხვედრის დამთავრებიდან სამი საათის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ტექნიკურ შეცდომაზე ილაპარაკა.
„სან ფრანცისკოს „ბეი არენაზე“ გამართული ყატარისა და შვეიცარიის შეხვედრის დროს ხანმოკლე ტექნიკურმა ხარვეზმა მსაჯებს ხელი შეუშალა შვეიცარიელთა სასარგებლოდ დანიშნული პენალტის წინ დაეფიქსირებინათ თამაშგარე მდგომარეობა. პრობლემა სწრაფად მოგვარდა. VARის მუშაობა მის გამო არ დაბრკოლებულა და მოედანზე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმება ჩვეულებრივი პროცედურის შესაბამისად გაგრძელდა“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
