იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?

იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?

მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთა შეხვედრა 1:1 დამთავრდა. ანგარიში 21-ე წუთზე იოვო ლუკიჩმა გახსნა, 78-ზე კი კაილ ლარინმა გაქვითა. ამრიგად, თანამასპინძელი კანადა წაგებას გადარჩა, მაგრამ ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა შეხვედრა ბოსნიელები მეორე ტაიმში მოედანზე ათი კაცით რომ დარჩენილიყვნენ.

მომენტი, რომელზეც BBC ამახვილებს ყურადღებას მეორე ტაიმის მეოთხე წუთზე იყო, როდესაც კანადელები ჯერ კიდევ 0:1-ს აგებდნენ. მათ „ვილიარეალში“ ჟორჟ მიქაუტაძის თანაგუნდელ ტანი ოლუვასეის მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ გრძელი პასი ჩააწოდეს. ბოსნიელთა მეკარე ნიკოლა ვასილი კარიდან გამოვარდა და გუნდი გოლს გადაარჩინა, მაგრამ ოლუვასეის თავში მუშტიც უთავაზა. ინგლისელი ვეტერანის უეინ რუნის აზრით არგენტინელ მსაჯს ფაკუნდო ტელოს ვასილი მოედნიდან უნდა გაეგდო, პრემიერლიგაში თანამსაჯად ნამუშევარი დარენ კანი კი ამბობს, რომ არბიტრი სწორად მოიქცა პენალტი რომ არ დანიშნა და წითელი ბარათი რომ არ ამოიღო.

პენალტი რა შუაშია? რაკი საბოლოოდ თამაშგარე დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ დაინიშნებოდა, მაგრამ გაძევებაზე მსჯელობა შეიძლება.

კანი, რომელიც თანამსაჯის რანგში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს მოემსახურა ამბობს: „უპირველეს ყოვლისა ოფსაიდი იყო და ამიტომ პენალტის დანიშვნაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ რომც არ ყოფილიყო, ჩემი აზრით თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო. შესაბამისად მსაჯს ბოსნიელთა მეკარე არ უნდა გაეგდო. საქმე ის არის, რომ მან აშკარად ჯერ ბურთზე ითამაშა, ფეხბურთელებს შორის კონტაქტი კი მერე იყო. ვიმეორებ, მეკარემ ჯერ ბურთი გადააგდო, ეს კი ჩემი აზრით წითელი ბარათის ამოღების საბაბი არ არის“.

წესში წერია: „ორთაბრძოლა, რომელიც მოწინააღმდეგის ჯანმრთელობას ემუქრება ან შესრულებულია ჭარბი ძალისა და სისასტიკის გამოყენებით უნდა შეფასდეს როგორც წესების სერიოზული დარღვევა. ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოწინააღმდეგეს წინიდან, გვერდიდან ან უკნიდან ერთი ან ორივე ფეხის გამოყენებით მივარდება დამნაშავეა და წესების სერიოზულ დამრღვევად უნდა ჩაითვალოს“.

რუნი: „მსაჯს წითელი ბარათი უნდა ამოეღო. ასეთი ეპიზოდები ადრეც მრავლად გვინახავს. ეს იყო ძალიან სახიფათო მომენტი. ვიცი, რომ მეკარემ ჯერ ბურთი გადააგდო, მაგრამ ოლუვასეის საფეთქელში მუშტი დაარტყა, ეს კი ძალიან სახიფათო ადგილია. კანადელი ფეხბურთელი შეიძლებოდა ნოკაუტში ჩავარდნილიყო და მისთვის ერთი კვირის შემდეგ დაყოვნებული ტვინის შერყევა აღმოეჩინათ. ერთი სიტყვით, ჩემთვის აშკარად საწითლე ეპიზოდი იყო. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მე და დარენ კანი ერთმანეთს არ ვეთანხმებით. როდესაც ფეხბურთელი მეტოქეს ბურთს ართმევს, ამას გონივრული ძალის გამოყენებით აკეთებს. თუ არა და წითელ ბარათს იღებს. იგივეა მეკარის შემთხვევაშიც. მეტიც, ხელის უკან გაწევა ფეხის უკან გაწევაზე ადვილია“.

ეპიზოდი ფრანგმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმაც შეაფასა: „როგორც თავდამსხმელი ასეთ ეპიზოდში პენალტს მოვითხოვდი და რომ არ დაენიშნათ, გავბრაზდებოდი. მეორე მხრივ დარენ კანის პოზიციაც მესმის. მეკარემ ჯერ ბურთს მოარტყა ხელი და მერე გაწევას ვეღარ მოასწრებდა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.