ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა

ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა

ხვალ, ისტორიაში პირველად შერეული საბრძოლო ხელოვნების პრესტიჟული ამერიკულ ორგანიზაცია UFC თეთრი სახლის ბაღებში ღონისძიებას გამართავს. ის ეძღვნება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაბადების დღეს. ტრამპი სპორტის ამ სახეობის დიდი მოყვარული და UFC-ს პრეზიდენტის დანა უაითის მეგობარია.

თეთრი სახლის გვერდით, ოქტაგონის გარშემო იჯდება 5000 მაყურებელი. მეზობელ ბაღში კი გიგანტურ ეკრანზე ბრძოლას თვალს 85 000 ადამიანი მიადევნებს. ამის მოწყობა UFC-ს 60 მილიონი დოლარი დაუჯდა.

პრესა წერს, რომ ჩვეულებრივ UFC-ს მთავარი ღონისძიება, რომელიც სატიტულო ბრძოლას მოიცავს 1-2 მილიონი დოლარის ფარგლებში ჯდება. აქამდე სარეკორდო დანახარჯი იყო 20 მილიონი დოლარი. ეს თანხა UFC 306-ის დადგმას დასჭირდა. იგი ლას ვეგასის ცნობილ Sphere-ში გაიმართა და არნახული ვიზუალური ეფექტები ახლდა.

ამჯერად გაცილებით მეტი დეტალის დამუშავება გახდა საჭირო. „ფორბსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დანა უაითმა თქვა: „ჩვენ დაკავებულები ვიყავით ბრძოლებით, ღონისძიების მოწყობით… მოკლედ, ყველაფრით, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ, მაგრამ დამატებით მოგვიწია წვიმის, კოღოების, ტენიანობის და ყველაზე რთულის, განათების გათვალისწინება. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. როდესაც დონალდ ტრამპმა იდეა გამიზიარა, არ ვიცოდი, რომ ის შოუს თეთრი სახლის ბაღებში მოწყობას გულისხმობდა. ვიმეორებ, მე ეს ძალიან მომწონს“.

USA-250/TRUMP-UFC

შემდეგ UFC-ს თავკაცმა ხარჯებზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ კონსტრუქცია რომელიც ოქტაგონის თავზეა ბელგიაში დაამზადეს, საიდანაც ფილადელფიაში ჩაიტანეს და იქ შეამოწმეს, ბოლოს კი ვაშინგტონში შეინახეს და ბოლოს დაამონტაჟეს.

„ჩვენ თეთრი სახლის ბაღში მთელი სარბიელის აგება მოგვიხდა. დაუკრავს Zac Brown Band (ქანთრის ჯგუფია ჯორჯიიდან); გასახდელები ლას ვეგასის პრესტიჟული სასტუმროს „ბელაჯიოს“ ნომრების მსგავსად მოეწყო. ერთი სიტყვით, დეტალებს თუ დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ შოუ იაფი ვერ დაჯდებოდა“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ღონისძიება მთლიანად UFC-მ დააფინანსა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცენტიც არ დახარჯულა. ტრიბუნების აგებამ გაზონის აღება მოითხოვა და მის ნაცვლად ახალ გაზონსაც  UFC კისრულობს. მას იმედი აქვს, რომ ბრძოლას მსოფლიო მედია ფართო გააშუქებს, რითაც უზარმაზარ დანახარჯს დაფარავს“.

ხვალინდელი შოუს, Freedom UFC 250-ის მთავარი ბრძოლა იქნება ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.