
„როლან გაროსზე“ ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. კაცთა შორის სენსაციური არაფერი მომხდარა და ოთხეულში გასული ჩოგბურთელებიდან რეიტინგში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მეშვიდე ჩოგანია. ქალთა შორის კი… ნახევარფინალშია 361-ე ჩოგანი ლაურა ბუასონი.
მასპინძელმა შინაურ კორტებზე მართლაც კარგად ითამაშა და ფინალში გასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ბუასონმა მეოთხედფინალში მარი ანდრეევას აჯობა – 7:6; 6:3. ახლა მისი მეტოქე ამერიკელი კორი გაუფი იქნება, ვისაც ოთხეულში გასასვლელად მედისონ კიზის ძლევა დასჭირდა – 7:6; 4:6; 1:6.
როგორც ხედავთ, გაუფი თავიდან ჩამორჩა, მაგრამ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. „როლან გაროსის“ მეხუთედ მოსაგებად იბძოლებს იგა შვიონტეკი. პოლონელმა მეოთხედფინალში უკრაინელი ელინა სვიტოლინა დაამარცხა – 6:1, 7:5. შვიონტეკს ნახევარფინალში პირველი ჩოგანი არინა საბალენკა ელოდება, რომელიც ბელარუსია, მაგრამ ნეიტრალური დროშით თამაშობს. საბალენკამ ჩინელი ქეივონგ ჟენგი 7:6; 6:3 დაამარცხა.
კაცთა ოთხეულში ორი იტალიელია. ლორენცო მუზეტიმ ამერიკელ ტიაფოს ოთხ სეტში მოუგო – 6:2; 4:6; 7:5; 6:2. 23 წლის იტალიელის მეტოქე 22 წლის კარლოს ალკარასია. ესპანელმაც ამერიკელი პოლი დაჩაგრა – 6:0, 6:1, 6:4 და, საამისოდ, სულ რაღაც საათნახევარი დასჭირდა.
პირწმინდად მოიგო მეორე იტალიელმა იანიკ სინერმა. რეიტინგის პირველ ნომერს ყაზახი ანდრეი ბუბლიკი „შემოეჭამა“ – 6:1; 7:5; 6:0. სინერის მეტოქე ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. სერბმა ჩოგბურთელმა გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან მხოლოდ პირველი სეტი დაუთმო, მერე კი მარტივად იმარჯვა – 4:6; 6:3; 6:2; 6:4.
ქალთა ნახევარფინალები დღეს გაიმართება, კაცები კი ერთმანეთს ხვალ გაეჯიბრებიან.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 21:30ნარკოკარტელი ეკვადორს დაემუქრა
