არგენტინის ნაკრებს მდგომარეობა შეუმსუბუქდა: ლეანდრო პარედესს, ნაუელ მოლინასა და ტიაგო ალმადას, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჩხუბის გამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, სასჯელის მოხდა ამხანაგურ თამაშებში შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ პარედესს ათი შეხვედრის გამოტოვება აქვს მისჯილი, მოლინას შვიდის და ალმადას ერთის. არგენტინელთა აზრით ფიფას სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტი მეტისმეტად მკაცრი იყო. სასჯელის შემსუბუქების თხოვნით მიმართა ფიფას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ და თხოვნამ გაჭრა. ხსენებულ ფეხბურთელებს ახლა შეუძლიათ მხოლოდ A კლასის ამხანაგური შეხვედრები გამოტოვონ.

განვმარტოთ: არგენტინა, როგორც მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის თანამასპინძელი შესარჩევი შეჯიბრებისგან თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეიძლია უახლოესი სანაკრებო ორკვირეულის დღეებში ოთხი ამხანაგური თამაში დანიშნოს. ამას შეიძლება მოჰყვეს კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ნოემბერში ანუ მოლინას თავისი შვიდი შეხვედრიდან ექვსის მოთავება ამ შემოდგომაზევე შეუძლია. ექვსი მატჩის გამოტოვება დიდი შეღავათი იქნება პარედესისთვისაც.
ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ფიფას ადრინდელ მიდგომას, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული დისკვალიფიკაცია ფეხბურთელს აუცილებლად ოფიციალურ შეხვედრებში უნდა მოეხადა.
რატომ მოიქცა ფიფა ასე? ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ჯერ არ არსებობს. შესაძლოა არგენტინელები ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს არჩევნებში მხარდაჭერას ჰპირდებიან და ფარულ გარიგებას აქვს ადგილი. არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია თავის მხრივ მიღწეულს არ სჯერდება და პარედესისა და მოლინასთვის სასჯელის დამატებით შემსუბუქებისთვის იბრძვის.
შეგახსენებთ: 2014 წელს ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა იტალიელ მცველს ჯორჯო კიელინის უკბინა, რისთვისაც ცხრა თამაშით დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. მეტიც, მას ეს არ აკმარეს და ფეხბურთთან ოთხი თვით გაკარება აუკრძალეს, რის გამოც მას „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ კარგა ხანს უქმად ყოფნა მოუხდა. ერთადერთი შეღავათი, რაც სუარესისთვის დაუშვეს არგენტინის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობის ნებართვა იყო, მაგრამ ის ცხრა ოფიციალური თამაში, რომელიც მისჯილი ჰქონდა, მაინც მოახდევინეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 09:00შეღავათი არგენტინას
მთავარი ამბავი28/08/2026 | 07:27ორი შესაძლო ქართული დერბი
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
