ორი შესაძლო ქართული დერბი

ორი შესაძლო ქართული დერბი

გნებავთ კლასიკო დაარქვით, გნებავთ შურისძიების მატჩი ან კიდევ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების წილისყრამ ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი“ კვლავ „ბარსელონას“ შეახვედრა.

„ბარსელონა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, ისტორიული კლუბია. ჩვენ მას უდიდეს პატივს ვცემთ. ჩვენს შორის დაპირისპირება დიდი მატჩი იქნება როგორც მათთვის ასევე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. დიდი მღელვარებით ველის მას“, – თქვა კენჭისყრის შემდეგ პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ.

საინტერესო სტატისტიკა: მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენი“ ყატარელებმა იყიდეს, გუნდები 14-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ძალიან დიდი რიცხვია.

ხვიჩა კვარაცხელიას კლუბს „ბარსელონას“ გარდა შეხვდნენ „მანჩესტერ სიტი“, „რომა“, „ასტონ ვილა“, „გალათასარაი“, „ვილიარეალი“, „სლოვანი“ და „კომო“.

„ეს ჩემპიონთა ლიგაა, მსოფლიოს საუკეთესო შეჯიბრება. მის ყოველ შეხვედრას მზად უნდა შეხვდე. მასში მონაწილეობა ფანტასტიკური შეგრძნებაა. მოუთმენლად ველით დაწყებას. ყველა შეხვედრის მოგებაზე ლაპარაკი არასწორია. ბოლომდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ “, – თქვა პსჟ-ს პრეზიდენტმა, როდესაც მას მთელი წილისყრის შეფასება სთხოვეს.

სამაგიეროდ, თავისი დამოკიდებულება ღიად გამოხატა გაზეთმა „პარიზიენმა“, რომელმაც დაწერა, რომ შარშანდელზე ცუდ კენჭისყრას ძნელად თუ წარმოიდგენდა კაცი. გაზეთის აზრით ტიერი ანრიმ და დავიდ ვილიამ, რომლებიც კალათებიდან ბურთულებს იღებდნენ, ლუის ენრიკე და მისი გუნდი წლეულს შედარებით დაინდეს. გასულ გათამაშებაში პსჟ-ს შეხვდნენ „ბარსელონა“, „ბაიერნი“ და სხვა კალათების საუკეთესო გუნდები, წლეულს კი „ბარსელონა“, „მანჩესტერ სიტი“ და… ფრანგული „პარიზიენის“ აზრით შედარებით სუსტები. სხვა სიტყვებით პარიზულ გაზეთს „ატალანტა“, „ლევერკუზენი“, „ტოტენჰემი“, „ბილბაო“, „სპორტინგი“ და „ნიუკასლი“ წლევანდელ მეტოქეებზე სუსტ გუნდებად მიაჩნია.

უეფამ განაცხადა, რომ თამაშების თანმიმდევრობა 29 აგვისტომდე გამოცხადდება.

მიაქცევდით ყურადღებას, რომ პსჟ-ს მეტოქეთა შორის არის ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ანუ ნასირ ალ-ხელაიფის შეფასებით მსოფლიოს საუკეთესო შეჯიბრებაში ქართული დერბი გვექნება. „პარი სენ ჟერმენის“ გარდა ესპანურ „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ მოუწევს თამაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ნაპოლისთან“, „საბაჰთან“, „ლივერპულთან“, „დორტმუნდთან“, „ფენერბაჰჩესთან“ და „სლავიასთან“.

როდესაც „ვილიარეალის“ მეტოქეებს ვთვლიდით გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიც“ ვახსენეთ ანუ თეორიულად კიდევ ერთი ქართული დერბია შესაძლებელი: მიქაუტაძე vs მამარდაშვილი. ეს დერბი იმ შემთხვევაში შედგება თუ მერსისაიდელთა კარს ალისონის ნაცვლად რაიმე მიზეზით მამარდაშვილს ანდობენ.

„ლივერპულის“ მეტოქეები „ვილიარეალის“ გარდა არიან: „ინტერი“, „პორტუ“, „ბრიუგე“, „ფენერბაჰჩე“, „ლანსი“, „ლინცი“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.