ექსპერიმენტული მოგება

Home კატეგორიის გარეშე ექსპერიმენტული მოგება
ექსპერიმენტული მოგება

სანაკრებო პაუზის დროს საქართველომ დრო იხელთა და ფარერების ნაკრებს უმასპინძლა. მეტოქე რომ დიდი სახელით არ გამოირჩევა, ამაზე არ ვიკამათოთ, რადგან მეორე ნაკრებითაც კი დავამარცხეთ – 1:0. ანგარიშმა არ მოგვატყუოს. უპირატესობა ჩვენი იყო, მომენტებიც ბევრად მეტი გვქონდა. თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ იყო ეპიზოდები, სადაც გიორგი ლორიამ რამდენჯერმე გადაგვარჩინა – ბოლო წუთზეც კი.

გიორგი ლორია – მეკარემ, რომელიც ნაკრებში ბოლო, 79-ე მატჩი ჩაატარა – გულშემატკივარმა თბილად გააცილა. ეკუთნოდა… ვილი სანიოლმა ექსპერიმენტები არ დაიშურა. თუმცა, მეტოქიდან გამომდინარე სათამაშო სქემაც შეცვლილი ჰქონდა და გუნდი ოთხი მცველით ათამაშა, რამაც შეტევაში მეტი ფეხბურთელი დაგვიტოვა.

შედეგად, ბოლო პერიოდში „ცარიელ“ „დინამო არენაზე“ მეტს ვუტევდით. გოლიც მალე გავიტანეთ, რამაც კიდევ უფრო დაგვამშვიდა. ბურთი კი მცველმა შეაგდო – ლუკა ლოჩოშვილმა გიორგი გულიაშვილის კუთხურს თავი დაუხვედრა…

მეტი? ლიდერების არყოფნაში გამოჩნდა, რომ არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში სიღრმეს შექმნის. დანარჩენი მწვრთნელზე და მის მარიფათზეა. თუმცა, ნაკრებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ალბათ კონკურენციას ვერ გაუძლებენ. ესეც მწვრთნელის საფიქრალია. გვყავს ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტიც – საბა ხარებაშვილი, ვინაც მეგოლე ლუკა ლოჩოშვილი შეცვალა. ხარებაშვილმა ეროვნული გუნდის მაისური 16 წლისა და 285 დღისამ მოირგო. დებიუტი ჰქონდა დავით კერესელიძესაც, რომელმაც ლორია შეცვალა… კაპიტნის სამკლავური კი საბა ლობჟანიძემ გადაიბარა – პირველად სანაკრებო კარიერაში.

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.