ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე, რომელიც მესიმ მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ მეათე ადგილი დაიკავა.
ხმების ანალიზი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ კვარაცხელია მედიაში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ფეხბურთელებსა და მწვრთნელებში. ინებეთ ფაქტები:
ნაკრებების მხოლოდ ოთხმა კაპიტანმა მისცა ხვიჩას ხმა. ბარემ ჩამოვთვალოთ. ხვიჩა პირველ ნომრად ჩაწერა რუსეთის ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ, მეორე ნომრად ჩაწერა კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა ამირ რაჰმანიმ – ხვიჩას თანაგუნდელმა ნაპოლიში და მესამე ნომრად ჩაწერეს გურამ კაშიამ და დომინიკას ნაკრების კაპიტანმა.
მწვრთნელები ხვიჩას მიმართ უფრო გულუხვები იყვნენ. შვიდმა ჩაწერა თავის სიაში კვარაცხელია. პირველ ნომრად მხოლოდ ვილი სანიოლმა, მეორე ნომრად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და ნეპალის მწვრთნელებმა. და ოთხმა მწვრთნელმა მესამე ნომრად: ბერმუდას, ფიჯის, ისრაელის და კვიპროსის ნაკრებთა მწვრთნელებმა. ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ თემურ ქეცბაიაა.
საინტერესოა, რომ ხვიჩა ვერ მოხვდა ლუჩანო სპალეტის სიაში. რომლის რჩეულებიც იყვნენ: მესი, მბაპე და ვიქტორ ოსიმენი.
მოკლედ, კაპიტნებისგან და მწვრთნელებისგან კვარაცხელიამ ჯამში მიიღო 11 ხმა.
მხოლოდ მედიისგან კი ხვიჩამ 18 ხმა მიიღო. მესამე ნომრად კვარაცხელია ჩაწერეს ჟურნალისტებმა ალჟირიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, კამბოჯადან, დანიიდან, ფინეთიდან, ჰონკონგიდან, უნგრეთიდან, ისლანდიდან, მონტენეგროდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და იემენიდან.
მეორე ნომრად ხვიჩა კვარაცხელია ჩაწერეს ჟურნალისტებმა ლიეტუვადან, სამხრეთ აფრიკიდან, უგანდადან და ტაჯიკეთიდან.
პირველ ადგილზე კი ხვიჩა გაიყვანეს მალტელმა ჟურნალისტმა სანდრო მიკალეფმა და „სარბიელის“ გამომცემელმა ზურაბ ფოცხვერიამ…
შეგახსენებთ, რომ ფიფას გამოკითხვა მოიცავდა პერიოდს 2022 წლის 20 დეკემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე, ანუ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო 9 თვეს…